საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: სამ პირს ბინადრობის და მოქალაქეობის უფლება უკანონოდ შეეზღუდა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნიგერიის მოქალაქეს მართლსაწინააღმდეგოდ შეეზღუდა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება, რუსეთის ორ მოქალაქეს კი საქართველოს მოქალაქეობის უფლება.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სერვისების განვითარების სააგენტომ მუდმივი ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის გაცემაზე სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით თქვა უარი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უარი არ იყო დასაბუთებული.

"კანონმდებლობის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უსაფრთხოების დაცვის ინტერესის არსებობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწვდის. საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ის დოკუმენტაცია გამოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო დასახელებულ პირებთან მიმართებაში სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესის არსებობას. 

მოწოდებული კორესპონდენციის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიზეზი არცერთ შემთხვევაში არ იყო დასაბუთებული. ამასთან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებში არ იყო მითითებული კანონით განსაზღვრულმა, კონკრეტულად რომელმა შემთხვევამ განაპირობა დასახელებული ინტერესის დაცვის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დოკუმენტებითა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამართლებრივი აქტებით, განმცხადებლებს საქართველოში ბინადრობის და საქართველოს მოქალაქეობის უფლება მართლსაწინააღმდეგოდ შეეზღუდათ", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და რ.პ.-სთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის, ხოლო პ.ი.-სთვის და ლ.მ.-სთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე ახალი დასაბუთებული დოკუმენტების მომზადება და სააგენტოსთვის მიწოდება მოითხოვა.

ამავე რეკომენდაციებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასახელებული პირების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემის და მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული სამართლებრივი აქტების გამოცემა მოეთხოვა.

კომენტარები