სტრასბურგის სასამართლო

წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებმა მეორე ეტაპი წარმატებით გაიარეს

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოდან სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატობისთვის გაგზავნილი 3-კაციანი სია, ასამბლეის კომიტეტს გაესაუბრა და მათგან მოწონება დაიმსახურა. 

წულუკიანის თქმით, მეორე ეტაპის წარმატების დახურვის შემდეგ, ისინი ოქტომბერში კონკურსის მესამე ეტაპზე გაივლიან.

"ვინაიდან დღეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სამპირიანი სია შესაბამისმა კომიტეტმა მოიწონა გასაუბრებების შედეგად. მე მქონდა მოლოდინი, რომ გასაუბრებები შემოდგომაზე შედგებოდა, რადგან პირველ ეტაპს წარმატებით დავხურავდით. დღეს ეს მოლოდინი გამართლდა, რა თქმა უნდა, მაქვს მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი. სამივე კანდიდატი არის ღირსეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ კომისიის ფარგლებში ქვეყნის დონეზე არ შევარჩევდით. ის, რომ მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა და მესამე ეტაპზე გადავედით, ნიშნავს იმას, რომ სიის მოწონებასთან ერთად, შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული შესაბამისი პროცედურები და კონკურსი ასევე იყო მისთვის მისაღები,"- ამბობს წულუკიანი. 

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იუსტიციის სამინისტრომ კანდიდატებად მესამედ გამოცხადებული კონკურსით შეარჩია. წინა ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილიც და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავაც ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და კონტროვერსიულ საქმეებთან არიან დაკავშირებული - გიგი უგულავასა და კაბელების საქმის მონაწილეების, ასევე რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელებთან. ფაფიაშვილს და სიჭინავას განხილვის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. მათი არდასწრების გამო, სხდომებზე კვორუმიც ვერ ივსებოდა.

კომენტარები