იტალიური სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელობამ ქართველი სტუდენტის, ქრისტინა არაქელოვას განცხადებას უპასუხა.
ორგანიზაცია Rondine Cittadella della Pace აცხადებს, რომ ის ნეიტრალური და უპარტიო ასოციაციაა, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან კონფლიქტური რეგიონებიდან, რათა კონფლიქტი დიალოგის გზით აღმოიფხვრას. მათი მიზანი ისეთი საზოგადოების შექმნაა, რომელშიც განსხვავებული და მრავალფეროვანი ადამიანები მშვიდობით იცხოვრებენ. მათივე განმარტებით, არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში, ასევე ტერიტორიულ საკითხებში ნეიტრალურები არიან და არანაირ პოზიციას არ იჭერენ.
"ამ მიზეზების გამო, ჩვენ ვიღებთ ყველა იმ ახალგაზრდის დროშას, ვინც აქ ცხოვრობდა ან ცხოვრობს. ორგანიზაცია მიესალმება ინდივიდს, მის ისტორიასა და ოჯახს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მის ხალხთან. რონდინი მიესალმება ყველა ადამიანს, რომელიც ღიაა დიალოგისა და კონფრონტაციისთვის.5 სექტემბრიდან ქრისტინა არაქელოევა აღარ არის პროგრამის წევრი, რადგან სწავლების გამოსაცდელი ვადა ვერ გაიარა.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე გირჩევთ, პირადად ეწვიოთ რონდინს, რათა თავად ნახოთ, როგორ მუშაობს ასოციაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ქართველმა სტუდენტმა, ქრისტინა არაქელოვამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იტალიაში ერთ-ერთ სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყანად მოიხსენიებს, ასევე სუვერენული ქვეყნების დროშებთან ერთად ორგანიზაციის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის დროშა კიდია, რის გამოც ის ორწლიან სწავლასა და სტიპენდიაზე უარს ამბობს და საქართველოში ბრუნდება.





