არასათანადო მოპყრობა

შსს ომბუდსმენის განცხადებაზე: ბრალდებული დაკავებისას წაიქცა და დაზიანება მიიღო

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საუბარია წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

შსს-ს ინფორმაციით, ს.მ. ორ პირთან ერთად, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს "ალფას" დაყაჩაღებისთვის დააკავეს.

უწყება აცხადებს, რომ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ბრალდებულ ს.მ-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

"დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას", - აცხადებენ შსს-ში.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ გენერალუ ინსპექციას ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა შეატყობინა, თუმცა, მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერხერხდება.

"შეტყობინების მიღების შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება. მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, ვინაიდან ეს განცხადებაც და გენინსპექციის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებაცშეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა.

რაც შეეხება ბრალდებას, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“.

"მათ კომპანიის დარაჯს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის ტარით დაზიანება მიაყენეს. დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი - 1962 წელს დაბადებული თ.ხ., 1969 წელს დაბადებული ბ.მ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს „კენტავრის“ დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. ერთ-ერთი დაკავებულის - ს.მ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპს „კენტავრის“ დაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი.

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სახალხო დამცველი ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, 22 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებული დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადეს: თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე პარკი ჩამოაცვეს და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. სახალხო დამცველის ცნობით, ბრალდებული ამტკიცებს, პოლიციელი თავის არეში ფეხსაცმელებით ურტყამდა. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა.

უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ ბრალდებულს გარეგანი დაზიანებებიც აღენიშნება. 

კომენტარები