არასათანადო მოპყრობა

პროკურატურა: ბრალდებულების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს პროკურატურამ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ბრალდებულებმა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტეს, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალდებულებმა ასევე განაცხადეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებული პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამავე საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მიმართა და ფაქტის გამოძიება ითხოვა.

"ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ხოლო მიღებული შედეგებისა და გადაწყვეტილებების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ უწყებაში.

სახალხო დამცველმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, 22 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებული დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადეს: თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე პარკი ჩამოაცვეს და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. სახალხო დამცველის ცნობით, ბრალდებული ამტკიცებს, პოლიციელი თავის არეში ფეხსაცმელებით ურტყამდა. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა.

უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ ბრალდებულს გარეგანი დაზიანებებიც აღენიშნება.

განცხადებას უპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულ ს.მ-ს დაზიანებები დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე აღენიშნებოდა.

"დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები