საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: 3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება რას ამბობენ დოკუმენტთან დაკავშირებით

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალ კონსტიტუციაზე ისაუბრა.

"სამი-ოთხი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება რას ამბობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მაგალითად ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მაგრამ ყველას ეცოდინება რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, მერე პარლამენტმა და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის ევროპული ტიპის კონსიტიტუცია, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოგზავნილ დასკვნაში. მთავარი განხვავება რა არის დღევანდელ კონსტიტუციასა და ახალ დოკუმენტს შორის - დღევანდელი კონსტიტუციით თავისუფლად არის შესაძლებელი ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ამ დოკომუნეტის მიხედვით პრაქტიკულად ნულამდე არის დასული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების რისკი." - თქვა ირაკლი კობახიძემ

კობახიძის თქმით საქართველოს პარლამენტმა დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ გვახსოვს რა შედეგები მოიტანა სხვადასხვა კონსტიტუციამ საქართველოში, 1995 წლის კონსტიტუციაზე მაქვს საუბარი, შემდეგ 2004 წლის რედაქციაზე და ასეთივე მიზანი ჰქონდა 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს. თითოეულმა ამ დოკუმენტმა ჩვენ შედეგად მოგვცა ან ნახევრად ავტოკრატიული ან ავტოკრატიული რეჟიმები. ჩვენ ახლა ვიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას და ეს არის მთავარი მიღწევა იმ დოკუმენტის, რომელიც დღეს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. აქედან გამომდინარე ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება."- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კომენტარები