რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრისთვის, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1997 წელს დაბადებულმა ლ. დ-მ, 1999 წელს დაბადებულმა გ. ა-მ და 1995 წელს დაბადებულმა თ.გ-მ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობი ოთხი მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
"დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან 5 წუთში, გრიბოედოვის ქუჩაზე დააკავეს"- აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით).
რუსთაველის გამზირზე 4 ადამიანი გუშინ დაჭრეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ერთერთ რესტორანში მოხდა და ოთხივე მათგანი ქორწილში იმყოფებოდა.





