ვენეციის კომისიის დასკვნა

კობახიძე: ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დადებითად შეაფასა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიიღო, რომელშიც "უაღრესად დადებითადაა შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი".

კობახიძის მტკიცებით, არცერთ პრინციპულ საკითხზე ვენეციის კომისიას რეკომენდაცია არ ჰქონია. 

"ვენეციის კომისიას არ აქვს არცერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს ყველაფერი. უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის მოწესრიგება და ა.შ. არცერთი შენიშვნა ამ საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან არ იქნა გამოთქმული,"- ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმითვე, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ქვეყნის გადასვლას პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესსა და პროპორციული საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. 

ირაკლი კობახიძე საუბრობს იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მისივე თქმით, დემოკრატიის განვითარებისთვის არასაკვანძო საკითხებს ეხება. კობახიძე ამბობს, რომ ყველა მათგანზე პოლიტიკურ გუნდს პრინციპული პოზიცია აქვს და მათ გათვალისწინებას არ აპირებს. 

პირველი შენიშვნა რეგიონული პარტიების არსებობას ეხება. კობახიძე თვლის, რომ ქართული კონტექსტის სათანადადოდ გააზრება, შესაძლოა, ადვილი არ ყოფილიყო ვენეციის კომისიის ექსპერტებისთვის და მიიჩნევს, რომ პარტიების შექმნა რეგიონული ნიშნით საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს აკრძალული. 

მეორე, რაზეც ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში პარლამენტის მონაწილეობაა. 

"ჩვენთვის ეს რეკომენდაციაც იყო მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აზრით, მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამორიცხვა ამ პროფესიდან, ამის გამო არ იქნა გაზიარებული ეს რეკომენდაცია,"- ამბობს კობახიძე. 

მესამე შენიშვნა ვენეციის კომისიის მხრიდან "საზოგადოებრივი განვითარების ლიკვიდაციას" ეხება. კობახიძე მიიჩნევს, რომ აქ შესაძლოა თარგმანის პრობლემა იყოს და ერთმანეთში იყოს არეული ლიკვიდაცია და აკრძალვა. 

"ჩვენ მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი საკითხიც არის სათანადოდ მოწესრიგებული,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 

ვენეციის რეკომენდაცია ეხება რწმენის თავისუფლებასაც. კომისია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ უნდა იყოს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი ახალი რეგულაციები, შესაბამისად, დარჩა ძალაში ის ნორმები, რაც იყო წარმოდგენილი,"- ამბობს კობახიძე. 

ვენეციის კომისიას შენიშვნები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. 

"ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ძალიან კარგად ქართული რეალობა, ქართული პრაქტიკა და ის, რისკები, რომლებიც გვახსოვს ჩვენ უახლოესი წარსულიდან და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შედის შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში,"- ამბობს კობახიძე. 

კიდევ ერთი რეკომენდაცია პარლამენტში ზედა პალატის შემოღებას ეხებოდა, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ "ამ საკითხზეც აქვს მთავრობას მყარი არგუმენტები". 

"იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი არის ოკუპირებული, ბუნებრივია, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული პარლამენტის ზედა პალატის არსებობა. აქედან გამომდინარე, სრულიად რაციონალურად არ იქნა გაზიარებული ეს რეკომენდაცია,"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

ვენეციის კომისიის შენიშვნა მიწის საკითხების მოწესრიგებასაც შეეხო. როგორც კობახიძე ამბობს, არც ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას გეგმავენ.

მნიშვნელოვანია ამ საკითხის ისეთი სახით მოწესრიგება ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ეს არის ახალი ევრორეგულაციებით და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში ვტოვებთ მიწასთან დაკავშირებულ ნორმებს, რომლითაც იზღუდება არამოქალაქეებზე მიწის გასხვისებას,"- ამბობს ირაკლი კობახიძე./ 

კომენტარები