ფადი ასლი

მოსამართლისთვის "კორუმპირებულის" წოდების გამო ფადი ასლი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

ტაბულა

"მოსამართლემ შელახული ღირსება აღიდგინა" - ამ სათაურით ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიღო ორი გადაწყვეტილება კომპანიების ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა კომპანიების ერთობლივად 138 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმებას. საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის იმგვარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  

ამ გადაწყვეტილებების გამო კაკაბაძეს ფადი ასლიმ კორუმპირებული უწოდა, რის შემდეგაც კაკაბაძემ ფადი ასლის უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ზიანი 3 000 ლარად შეაფასა.

"მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედია საშუალებებში სადაც სადაო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა.  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი - 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა", - წერია სასამართლოს განცხადებაში.

ფადი ასლის შეფასებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასმართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

"ვლადიმერ კაკაბაძე და მისი მსგავსი კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც მოქალაქეებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ თაღლითობის ინსტრუმენტები არიან, ციხეში უნდა ისხდნენ", - ამბობს ასლი.

კომენტარები