დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას განადგურებით დაემუქრა. გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს "კაცი რაკეტა" უწოდა და თქვა, რომ ის როგორც თავისთვის, ასევე თავისი რეჟიმისთვის სუიციდის მისიას ახორციელებს,
"არც ერთ ერს დედამიწაზე არ სურს ამ დამნაშავე ბანდის დანახვა ბირთვული იარაღით და რაკეტებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს უდიდესი ძალა და მოთმინება აქვს, მაგრამ თუ ის იძულებული გახდება, დაიცვას საკუთარი თავი ან მისი მოკავშირეები, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ სრულად გავანადგუროთ ჩრდილოეთ კორეა. კაცი რაკეტა სუიციდის მისიას ახორციელებს თავისთვის და თავისი რეჟიმისთვის".
ჩრდილოეთ კორეის ელჩი გაეროში ტრამპის სიტყვით გამოსვლას არ დასწრებია, მან დარბაზი იქამდე დატოვა, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ტრიბუნას დაიკავებდა.
ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო აკრძალვების მიუხედავად რამდენიმე ბირთვული ტესტი ჩაატარა. სატესტო რაკეტებმა რამდენჯერმე გადაუფრინეს იაპონიას. ცოტა ხნის წინ კი კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილ რაკეტას გუამამდე მიღწევა შეუძლია, კუნძულამდე, სადაც აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განლაგებული.





