მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში - “სიტუაციური ალიანსი” ხელისუფლების წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის დარღვევისთვის არ დააპატიმრებენ და საქართველოში მისი ექსტრადიცია არ მოხდება - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 16 სექტემბერს განაცხადა. სამიაგიეროდ, მისი თქმით, მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც სააკაშვილს საზღვარზე გადმოსვლაში ეხმარებოდა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მესაზღვრეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

მიხეილ სააკაშვილის შელახული უფლებების დასაცავად, უკრაინის ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად წონიანი სახე შეიკრიბა. რამდენად იქნება ეს შეჭრა მისი ახალი პოლიტიკური ცხოვრების სტიმული, ჯერჯერობით ნათელი არ არის. ცხადი ისაა, რომ პოროშენკომ მოქალაქეობის ჩამორთმევით ის კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ალიანსი სააკაშვილის გარშემო

იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც სააკაშვილის მხარდასაჭერად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეიკრიბნენ, ბევრი წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ლვოვში ყოფილ პრემიერსა და პოლიტმაპტიმარ იულია ტიმოშენკოს თავად სააკაშვილის მომხრეებიც აგრესიით შეხვდნენ. მიზეზი ისაა, რომ მრავალთათვის უკრაინაში ტიმოშენკო არა რეფორმებთან, არამედ კორუფციასთან და პოპულიზმთან ასოცირდება და მის ფიგურას ხშირად ოპოზიციისთვის “ტოქსიკურად” მოიხსენიებენ.

ტიმოშენკოს არაპოპულარობის ნიშანი იყო ისიც, რომ  2014 წელს მაიდანის მონაწილეები ციხიდან გამოსულ ტიმოშენკოს აპლოდისმენტების ნაცვლად სამარისებური დუმილით დახვდნენ.

თუმცა, უკრაინული რევოლუციის შემდეგ პოლიტიკურ აუთსაიდერად ქცეული ყოფილი პრემიერი, პოროშენკოს ხელისუფლებით იმედგაცრუების ფონზე ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ ოპოზოციონერ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. რაზუმკოვის ცენტრის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მის პრეზიდენტობას მხარს გამოკითხულთა 6,5 პროცენტი დაუჭერდა. მაშინ, როცა პრეზიდენტ პოროშენკოს  - 7,4 პროცენტი. ტიმოშენკოს პარტია ბატკივშჩინას მხარი გამოკითხულთა 8 პროცენტმა დაუჭირა - უფრო მეტმა, ვიდრე პეტრო პოროშენკოს ბლოკს (7,6 პროცენტი).

მიხეილ სააკაშვილს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქალაქ ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ. მის მიერ დაარსებულ პარტია «სამოპომიჩს» მხარს გამოკითხულთა 4,4 პროცენტი უჭერს, ხოლო მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს - 3,2 პროცენტი.

“სამოპომიჩის” რიგებში სააკაშვილის მხარდამჭერთა შორის იყო სემენ სემენჩენკოც - მოხალისეთა პირველი ბატალიონის, “დონბასის” ყოფილი მეთაური და ამჟამად რადას წევრი. მართალია, ადრე მას მებრძოლების ნაწილი დაუპირისპირდა და სხვადასხვა ბრალდებები წაუყენა, მაგრამ სემენჩენკომ სააკაშვილის მხარდასაჭერად ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანთა საკმაოდ დიდი ჯგუფის მობილიზება შეძლო.

სააკაშვილს მხარი საჯაროდ დაუჭირა ასევე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პარტია “სამოქალაქო პოზიციის” ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ - რომლის პარტიას ამომრჩეველთა 6-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

უკრაინის პოლიტიკური სპექტრის სიჭრელის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ, როზუმკოვის ცენტრის მონაცემებით, მმართველ პარტიას მხოლოდ 7-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ   უკრაინის ყველა მეტნაკლებად რეიტინგული ოპოზიციური პარტია სააკაშვილის მხარეს აღმოჩნდა.

ყველა მათგანი, ასევე უკრაინელი ექსპერტებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური შურისძიებისა და კანონის შერჩევითი გამოყენების აქტი იყო.

სააკაშვილი უკრაინაში - ზენიტი და დაღმასვლა

მოქალაქეობის ჩამორთმევამდე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივები უკრაინაში საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურებოდა, რადგან 2015 წლის შემდეგ, როდესაც იგი უკრაინაში გამოჩნდა და პოპულარობის ზენიტში იყო, მისმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად იკლო. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს.  

2015 წელს პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. სწორედ თანამდებობის დაკავება და უკრაინის მოქალაქეობის მიღება (რასაც საქართველოს მოქალქეობის დაკარგვა მოჰყვა) გახდა ის მომენტი, როდესაც სააკაშვილმა უკრაინულ პოლიტიკაში შეაბიჯა.

დღევანდელი გადასახედიდან, უკრაინაში პოლიტიკური თანამდებობის დაკავება მის მთავარ შეცდომად გამოიყურება.

ოდესის გუბერნატორობის პერიოდში პოროშენკომ სააკაშვილი კარგად გამოიყენა ჯერ ოლიგარქ კოლომოისკის, შემდეგ კი პრემიერ იაცენიუკის დასამარცხებლად.  თუმცა, თავად სააკაშვილისთვის და უკრაინისათვის მისი გუბერნატორობა საბოლოო ჯამში წარუმატებელი გამოდგა.

სააკაშვილის თქმით, ამის მიზეზი ცენტრალური მთავრობის მხრიდან მისი ინციატივებისთვის ხელის შეშლა იყო, რადგან ხელისუფლებას, მისი აზრით, რეალური რეფორმების გატარება არ სურდა.

საბოლოოდ, სააკაშვილს 2016 წლის ნოემბერში, ოპოზიციაში გადასვლა და პრეზიდენტთან ღია დაპირისპირებაში ჩაბმა მოუწია. ამას, სავარაუდოდ, საქართველოში არჩევნების შედეგებმაც შეუწყო ხელი - ცხადი გახდა, რომ უახლოეს მომავალში სააკაშვილი სამშობლოში ვერ დაბრუნდება და პოლიტიკური ბრძოლა უკრაინაში უნდა გააგრძელოს.

2016 წლის აპრილში, ჯერ კიდევ ოპოზიციაში გადასვლამდე, სააკაშვილის ჯერ არშექმნილ პარტიას, IRI-ის დაკვეთით ჯგუფ რეიტინგის მიერ  ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10 პროცენტი უჭერდა მხარს - უფრო მეტი, ვიდრე პეტრო პოროშენკოს ბლოკს. იმავე წლის ოქტომბრის მონაცემებით, თავად სააკაშვილი მოსახლეობის სიმპათიების მიხედვით სხვა პოლიტიკოსებს შორის ლიდერობდა - იგი გამოკითხულთა 43 პროცენტს მოსწონდა.

თუმცა, 2017 წლის აპრილ-მაისში, იგივე ჯგუფ რეიტინგის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სიმპათიით სააკაშვილის მიმართ მხოლოდ 18 პროცენტი იყო განწყობილი, ხოლო ანტიპათიით - 67 პროცენტი.   

ასევე აპრილ-მაისში რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პარტიას “ახალი ძალების მოძრობას” გამოკითხულთა მხოლოდ 1,1 პროცენტი უჭერდა მხარს.

რა გახდა მისი პოპულარობის ასეთი  ვარდნის მიზეზი, ძნელი სათქმელია. ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის საჯარო რიტორიკასა თუ ქცევაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

შესაძლოა, ეს იმის გამო მოხდა, რომ მოლოდინები, რასაც უკრაინული საზოგადოება სააკაშვილსა და მთლიანად რეფორმატორთა “ქართულ გუნდს” უკავშირებდა, არ გამართლდა.

თავისი წვლილი სააკაშვილის მედია-სივრციდან გაქრობასაც უნდა შეეტანა - მისთვის უკრაინული ტელეარხების უმრავლესობის კარები დახურა, ხოლო ხელისუფლებამ მედიისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით მის წინააღმდეგ აქტიური პროპაგანდა გააჩაღა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი “მესიჯბოსქის” გამოყენებით, საქართველოში სააკაშვილის მიერ დამყარებული ძალადობრივი რეჟიმის შესახებ. შესაბამისი “დოკუმენტური ფილმების” დემონსტრირებით და ეთერში მისი მოწინააღმდეგე რესპონდენტების (მაგალითად, გოგა ხაინდრავას) მოწვევით.

ოლიგარქ ახმეტოვის ტელეარხმა “უკრაინამ” ეთერში ხაინდრავას ფილმი “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილის ჩამოსვლის წინა დღეს გაუშვა და სერიალ “ჰეროკრატიის” ჩვენებასაც გეგმავს.

პროსახელისუფლო მედია საზოგადოებას ხშირად შეახსენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სამშობლოში საქმეებია აღძრული. თუმცა, ამ საქმეების დეტალები როგორც წესი, არ კონკრეტდება. ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია ასევე ეჭვქვეშ აყენებს 2004-2012 წლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

დიდი ფინანსური და მედიარესურსის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი ფაქტობრივად ჩრდილში აღმოჩნდა. თუმცა, პოროშენკოს ბრძანებამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია.    

გაურკვეველი მომავალი

რამდენად დიდი შანსი აქვს სააკაშვილს და მის გარშემო სახელდახელოდ შექმნილ ოპოზიციურ გაერთიანებას? მართალია, სააკაშვილის საზღვარზე გადასვლამ ხელისუფლების სისუსტე და ოპოზიცის მომხრეთა ძალა აჩვენა, თუმცა, ქვეყანაში რაიმე “რევოლუციური”, ძირეული ცვლილებებისკენ მიმართული საპროტესტო მუხტი დღესდღეობით არ არსებობს. ამას ხელი შეუწყო როგორც საომარმა ვითარებამ, ასევე ზოგადმა აპათიამ და იმედგაცრუებამ მაიდანის შემდეგ. რევოლუციამ, რომელსაც ამდენი ადამიანი შეეწირა, რეალურად სისტემა ვერ შეცვალა და ქვეყანაში კვლავ ოლიგარქიული მმართველობაა, უკრაინა კი, დღეს ევროპის ყველაზე ღარიბ (ეს სტატუსი მან ცოტა ხნის წინ მოლდოვას „ჩამოართვა“) და ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება.   

დღესდღეობით, სახელდახელო ოპოზიციური ერთობა “სიტუაციურ ალიანსს” წააგავს, რომელმაც სააკაშვილის გარშემო განსხვავებული ბექგრაუნდის, მსოფლმხედველობისა და მიზნების მქონე ადამიანები და ძალები გააერთიანა.

თუმცა, სააკაშვილის საზღვარზე ასეთი ფორმით გადასვლის უარყოფითი მხარე ისაა, რომ საზოგადოების ნაწილმა მომხდარში სახელმწიფო ინსტიტუტების და კანონის ხელყოფა დაინახა. თანაც, ხელისუფლებას საბაბი მიეცა სააკაშვილის  და მის მომხრეთა დევნისთვის, რომელთაგან რამდენიმე უკვე დაკავებულია.

უკრაინის ხელისუფლება უარს ამბობს თავად სააკაშვილის დაკავებაზე. როგორც ჩანს, ხვდება, რომ დასავლეთში რეპუტაციის თვალსაზრისით ეს ძვირი დაუჯდება. იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტი განსაკუთრებული კრიტიკის საგანი არ გამხდარა, დასავლეთის მხრიდან სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებისას ღია მხარდაჭერა თითო-ოროლა აქტიურმა პოლიტიკოსმა გამოუცხადა, აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება სასამართლოში უნდა მიეცეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარი გეგმა დააანონსა და მის განხორციელებას უკვე შეუდგა - მოგზაურობს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მხარდამჭერების მობილიზების მიზნით. დიდი რესურსების არარსებობის პირობებში ეს მისთვის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი შესაძლო გზაა.

კომენტარები