უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია, Facebook-ის მომხმარებელ თამუნა ყურაშვილს ვიდეოს გაზიარებისთვის ემუქრება.
ვიდეოში ვალერი ხაბურძანია ზაზა გაბედავას დაბადების დღეზე იმყოფება, სადაც ის ცეკვავს და მღერის. ხაბურძანიას ვოკალური და ქორეოგრაფიული შესაძლებლობების ამსახველი ვიდეო Youtube-ზე საჯაროდ დევს.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა თამუნა ყურაშვილს მუქარის ტექსტი Facebook- ზე მისწერა. ხაბურძანია მისგან ვიდეოს წაშლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წერს, რომ "დაუკრეფავს ის აჩვენებს". ხაბურძანია მომხმარებელს ასევე სწერს, რომ პასუხს "სარკისებურად მიიღებს" და "თუ მოიცლის, მთელი მისი ოჯახი დაიდება".
ამასთან, ხაბურძანია ყურაშვილს სწერს, რომ მას პროკურატურაში სირბილი მოუწევს.
თავად ვალერი ხაბურძანია თამუნა ყურაშვილის მიმართ მუქარის ფაქტს უარყობს.
"დიდად დაფასებული ვარ თქვენის ყურადღებით ჩემი სარესტორნო საქმიანობის (თამადობა, ცეკვა-სიმღერა, ეს ორი ნამდვილად ცუდად გამომდის) გამო, მაგრამ არ შემიძლია არ მიგითითოთ იმ სიცრუეზე რასაც თქვენ ამ ვიდეოთი ფარავთ და რაღაც მუქარებს მიმაწერთ ვინმე ფბ-მომხმარებელ-ქალ (ამას ხაზს უსვამთ) თამარ (ალბათ) ყურაშვილის მიმართ. თამარ ყურაშვილმა დადო ვიდეო სადაც მე დაბადების დღეზე ნასვამი ვცეკვავ და ვმღერი (ცუდად მაგრამ ამის უფლება მაქვს), მაცვია Moschino-ს ბრენდის პერანგი რომელზედაც მიხატულია დოლარები(მაჩუქეს და მომეწონა კიდეც). ეს გახდა ქილიკის საგანი და მე ფბ-მომხმარებელ-ქალ ყურაშვილს შევპირდი რომ ჩემგანაც იქნება ადექვატური პასუხი დაცინვების სახით და ვვარაუდობ რომ იგი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენია და მოვახდენ მისი ბიზნესის საგადასახადო შემოწმების ინიცირებას (ამის უფლებაც მაქვს). ამის შემდეგ ფბ-მომხმარებელ-ქალმა ყურაშვილმა დადო ე. წ. ქოუბი ჩემი ცეკვით ერთ-ერთ ქალბატონთან და მის გვერდზე დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა, რაზეც მივწერე რომ ამას არ იკადრებდა უკანასკნელი ქუჩის ქალი(უკაცრავად ქუჩის ქალებთან)."- გვწერს ვალერი ხაბურძანია.