მიანმარი

მიანმარის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი გაეროს სხდომას არ დაესწრება

Reuters

მიანმარის დე ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებს გამოტოვებს. გაერო მიმდინარე კონფლიქტს ეთნიკურ წმენდად აფასებს, თუმცა მიანმარის სამხედრო ძალების განცხადებით ისინი ამბოხებულებს ებრძვიან და უარყოფენ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ბრალდებებს.

აუნ სან სუ ჩი-ს წარმომადგენლის თქმით ვიზიტის გაუქმებას ორი მიზეზი აქვს. „ერთი არის არსებული მდგომარეობა რაკჰაინის პროვინციაში. ჩვენ გვაქვს ტერორისტული თავდასხმები და ასევე სამუშაო სამოქალაქო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სამუშაოების კუთხით.“ „მეორე მიზეზი არის მიღებული ცნობები ქვეყანაზე მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ.“

მიანმარის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა ალ-ქაიდამ. მათ მუსლიმებს მოუწოდეს მხარი დაუჭირონ მიანმარის როჰინჯა მუსლიმებს იარაღით და სამხედრო დახმარებით და მიანმარის მთავრობა გააფრთხილეს, რომ მათი „მუსლიმი ძმებისადმი სასტიკი მოპყრობა დაუსჯელი არ დარჩება.“

გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბება და მიანმარში მიმდინარე კრიზისს განიხილავს. ორგანიზაციის განცხადებით მიმდინარე კონფლიქტს ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა მიანმარის მთავრობის განცხადებით გარდაცვლილთა რიცხვი ამჟამად 421-ია და მათ შორის 378 „ტერორისტია“.

25 აგვისტოს შემდეგ მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განვითარებული ძალადობის გამო ამჟამად 370,000 ლტოლვილი ცდილობს მეზობელი ქვეყნებისათვის თავის შეფარებას. რეგიონში მომუშავე ორგანიზაციების თქმით მიანამარისა და ბანგლადეშის საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისია.

როჰინჯას ხსმის არმიის მიერ ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად წამოყენებული შემოთავაზება, რაც ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას გულისხმობდა, მიანმარის მთავრობამ არ მიიღო. მათ განაცხადეს, რომ „ტერორისტებთან“ მოლაპარაკებებს არ გეგმავენ.

კომენტარები