ე.წ ქართველთა მარში

ბრეგაძე ამბობს, რომ აქციაზე სპეცრაზმია მობილიზებული, შსს - უარყოფს

ტაბულა

ე.წ ქართველთა მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში საუბრისას ამბობს, რომ პოლიცია მათზე ძალადობს და ისინი მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. ბრეგაძის თქმით, აქციას სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს. 

ბრეგაძის თქმით, მათ უბრალოდ ხელისუფლებასთან სურდათ საუბარი. 

"ჩვენ გვინდა, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს, მაგრამ სანამ მე ამ თემაზე დავიწყებდე საუბარს, მინდა ვთქვა, რომ დღეს ხელისუფლებამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩაიდინა გაუგონარი დანაშაული, როდესაც მოახდინა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე, ჩვენ არ ვარღვევდით არანაირ კანონს. ჩვენ მოვედით ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ დავლაპარაკებოდით ხელისუფლებას. ხელისუფლებამ, იმის მაგივრად, რომ ხალხთან ელაპარაკა, არჩია პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მუშტებით და კუნთებით ჩვენთან ლაპარაკი. ეგ არაფერი, ამაზე უარესები გვინახავს ჩვენ, ამაზე უარესი ხელისუფლებები გაგვიშვია მოუსავლეთში. ეს არის მერაბიშვილის პოლიციის გაგრძელება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოლიცია, მე მრცხვენია დღეს,"- ამბობს ბრეგაძე. 

ნეოფაშისტური დაჯგუფება ამ დროისთვის ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან არის შეკრებილი. ისინი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

მოძრაობის გაცხადებული მიზანი კვლავ ქსენოფობიურია. ისინი ეწინააღმდეგებიან უცხოელებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას და მიიჩნევენ, რომ კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ, მათივე თქმით, დაჩქარებულად მიიღო, ტოვებს შანსს, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა მიწის შეძენა შეძლოს. 

ქართველთა მარშის მსვლელობა დღეს საღამოს რუსთაველის მეტროდან დაიწყო და მათი თავდაპირველი სამიზნე ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო გახდა. მოძრაობის წევრები აპროტესტებენ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას. მათ სოროსის ფონდთან პოლიციის კორდონის გამო მიახლოება ვერ შეძლეს, თუმცა მაშხალები აანთეს და ერთერთმა მონაწილემ ჩამქრალი მაშხალის ტარი ფონდის ოფისს დაუმიზნა. 

კახა კალაძის შტაბთან მოძრაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილიც დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი დაკავების საფუძველი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა გახდა, რაც გულისხმობს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას. 

კომენტარები