ე.წ ქართველთა მარში

ოპოზიცია ხელისუფლებას: ჟურნალისტებზე თავდამსხმელები კანონის სრული დაცვით დასაჯეთ

რუსთავი 2

საქართველოში არსებული 10, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია 19 მარტს ე.წ ქართველთა მარშის მხრიდან რუსთავის 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მიუღებელი და დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე, ჟურნალისტთა დაშინება და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა. 

"რეალურად რუსეთის სპეც. სამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული "რუსული მარშის" წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. ტელეკომპანიის ჟურნალისტისათვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე, მისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადასტურებს, რომ ძალადობის აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და მათთვის მისაღებია ყველა აზრის თუ პოზიციის მხოლოდ ძალისმიერი გზით აღკვეთა,"- წერია განცხადებაში. 

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პირობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო და არის ხელისუფლებისა და მისი ცალკეული წარმომადგენლების მყარი და ურყევი პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ერთგულებას ღირებულებებისადმი. 

"სამწუხაროდ, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, საკუთარი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებით, არათუ ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, რუსეთიდან მართულ ჯგუფებს აქეზებენ დამატებითი აგრესიის განხორციელებისათვის,"- აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

პარტიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მან მკაცრად შეაფასოს ნებისმიერი ამგვარი ძალადობრივი აქტი და, პირველ რიგში, თავად დადგეს კანონის სადარაჯოზე. 

"აღნიშნული ფაქტი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია - საშუალების, მისი ჟურნალისტების დაშინებასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ: მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები,"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები:

ახალი საქართველო

ევროპელი დემოკრატები

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატები

ლეიბორისტული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

რესპუბლიკური პარტია

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

ძალადობრივი ჯგუფის წევრები გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

ამის გამო ე.წ ქართული მარშის წევრები გუშინ რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობის გამო, გუშინ, 20 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეოფაშისტური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი. 

კომენტარები