ავიაცია

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 82%-ით გაიზარდა

kutaisiairport.ge

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 8 თვეში 282 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 82%-ით მეტია. ქუთაისის აეროპორტზე აღნიშნულ პერიოდში მთლიანი საავიაციო მგზავრთნაკადის 10% მოდის. 

მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო აეროპორტის არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. აეროპორტის გაფართოების პროექტის ღირებულება 23 მილიონია. დღეისთვის ქუთაისის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. ყველაზე მეტ რეისს უნგრული Wizzair ასრულებს. აეროპორტის ოპერატორია სახელმწიფო კომპანია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება."

საქართველოს მთავარი აეროპორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, ის 2017 წლის 8 თვის განმავლობაში 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წელთან შედარებით 42%-ით მეტია. მგზავრების ნაკადის ასეთი ზრდის გამო წელს არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი მოფრენის ტერმინალის გახსნა იგეგმება. აეროპორტის არსებული შენობა კი მხოლოდ უცხოეთში მიმავალ მგზავრებს მოემსახურება.

გასული თვეების განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 342 264 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 56.36% ით (123 366 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (218 898 მგზავრი). 

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში 4 933 მგზავრს მოემსახურა, 98.03%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 8 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 491). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 255 მგზავრს მოემსახურა.
 
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: 

სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობაა სულ  13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების - 2 320. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 39.18%-ს შეადგენს.
 
15.00%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
 
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 23 182. 669 ტონა შეადგინა, რაც 4 060.25 ტონით, შესაბამისად, 21.23%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
 

 

კომენტარები