ხეების ჭრა

მერია: თამარაშვილზე ხის უკანონო მოჭრის საქმის მასალები პოლიციაში გაიგზავნება

რუსთავი 2

თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, უწყებას წუხელ, გვიან ღამით ეცნობა.

"შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც. დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია "დომუსი"-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1 ხე. გარდა ამისა, აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე, პოლიციას. უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ.-ია, რაც ნიშნავს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს ცდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება", - აცხადებენ უწყებაში.

თამარაშვილის N13-ში ვერხვის ხე გვიან ღამით მოჭრეს. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენელი რუსთავი 2-თან ამბობს, დაუდგენელი პირები მერიის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ტერიტორიაზე ვერ მოხვდებოდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობა იყო მობილიზებული. ისინი ტელეკომპანიასთან ამბობენ, რომ ხეების ჭრა გვიან ღამით, უკანონოდ მოხდა და ამ ტერიტორიაზე კიდევ 20-მდე ხის მოჭრაა დაგეგმილი.   

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით იძიებს, რაც ხე-ტყისა და ბუჩქის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.

კომენტარები