ხეების ჭრა

ნოდია: გმირობის და რადიკალიზმის კულტი სახიფათოა

გია ნოდია
ტაბულა

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, გმირობის და რადიკალიზმის კულტი სახიფათოა. ხეების ჭრის საკითხზე პარტიზანი მებაღეების პროტესტს და მერიის პოლიტიკას ნოდია Facebook-ში ეხმაურება. მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

"კარგი, გავერთეთ, ახლა ცოტა სერიოზულად:

1. ნოშიკოსცოლების და კორკოტების მიმართ სკაბრეზული ეპატაჟი ადექვატური და გამახალისებელია. მაგრამ საკუთარ თვალში მიღწეული მორალური გამარჯვების გამო ხანგრძლივი ზეიმიც პრობლემურია. პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული პერსონაჟები მეტისმეტად დაბალი ნიშნულია საპაექროდ, მათზე მაგარი რომ ხარ, ძალიანაც არ უნდა გაგეხარდეს. რამდენად მზადაა იგივე ნატა ფერაძე უფრო მაღალი დონის და ამავე დროის ცივილური დისკუსიისთვის, ჯერ არ ვიცი.

2. ზოგადად, ასეთ ოპონენტებთან დისკუსია დამაკნინებელია, იმიტომ რომ ინტელექტუალურ დონეს დაბლა სწევს. ნატა ფერაძის დემონსტრაციული გამოქცევა თოქ-შოუდან ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ არსებითად არასწორია. თოქ-შოუებში ძალით არავინ მიყავთ, წინასწარ უნდა იცოდე, ვისთან შედიხარ დისკუსიაში, და მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ რაღაც სისულელეს გეტყვიან (ამას საკუთარ თავსაც ვეუბნები). კორკოტასთან დისკუსიას თუ დათანახმდი, მერე მაღალი მოლოდინები აღარ უნდა გქონდეს. თუ მაინც თვლი, რომ ასეთ ხალხსაც უნდა ელაპარაკო, ელაპარაკე ბოლომდე და მოთმინებით.

3. ნარმანია ძალიან სუსტი მერია; ჩემი მიკერძოებული აზრით, მთლიანად „ოცნების" მთავრობა ნაგავია და რაც მალე წავა, მით უკეთესი. მაგრამ იგივე ნარმანია თბილისის მოსახლეობამ კანონიერად აირჩია და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრმა, ვინც ახლა ბოლო ხმაზე აგინებს, თავის დროზე ხმა მისცა პირადად მას და/ან მის პოლიტიკურ პატრონს, ივანიშვილს. ჩვენს არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ვისწავლოთ. „მაიმუნო-ვირიშვილოთი" მიმართვა სრულიად მიუღებელია, მაგრამ ასეთი რამეების გამო მერები ბოდიშს იხდიან და არა გადადგებიან. მჯერა, რომ ის ხეებიც ძალიან არასწორად მოიჭრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რევოლუციის მოსაწყობად. მოკლედ, როგორც აირჩიე, ისე აიტანე.

4. ხის მოჭრა მოსულა, მათ შორის სახლის ასაშენებლად. ეს არ არის დანაშაული. ამავე დროს, ქალაქს სჭირდება მწვანე სივრცეები და სუფთა ჰაერი, ამიტომ უპრაგონოდ და უკონტროლოდ ხეების ჭრა არ შეიძლება. ორივე ცხადია. თეორიულად, ურბანული განვითარების და სუფთა ჰაერის მოთხოვნებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კონსენსუსს იმაზე, კონკრეტულად რომელი ხის მოჭრა შეიძლება და რომლის - არა, ვერასოდეს მივაღწევთ, ვინც გინდა იყოს ქალაქის მერი: გიგი უგულავა, დათო ნარმანია თუ, ვთქვათ, ერეკლე ურუშაძე. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ამ საკითხებზე რაციონალური და ცივილური დისკუსიისთვის, რომელიც არასოდეს დამთავრდება და რომლის მიმდინარე შედეგები რადიკალ მწვენეებს არასოდეს დააკმაყოფილებს. ეს უნდა ვიცოდეთ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ერთი კარგი შიმშილობით ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვება, ტყუილად ჰგონია. (შიმშილობის ინსტიტუტის ზოგად სიმახინჯეზე აღარ განვმეორდები).

5. ქალაქის არც წინა და არც ახალ ხელისუფლებას სათანადო პოლიტიკა არ ჰქონია მწვანე საფარის დაცვის საკითხში; წინას იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ ჰქონდა, ანუ სხვა რამეებს ანიჭებდა პრიორიტეტს; დღევანდელს იმიტომ, რომ საერთოდ დაქვეითებული აქვს რაიმე პოლიტიკის ქონის და გატარების უნარი. შესაბამისად, ამ სფეროში სათანადო კომპეტენციებიც არ განვითარებულა. დღეს განვითარების სხვა ეტაპზე ვართ და ეს საკითხი სამართლიანად გახდა პრიორიტეტული. კომპეტენციის დონის გაზრდაც აუცილებელია, ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც. (ეს შიცავს აგრეთვე პასუხს შეკითხვაზე, 2012 წლამდე ვინ რას აკეთებდა). მაგრამ ამ საკითხზე სხვადასხვა ხედვები ყოველთვის იარსებებს და არც პარტიზან მებაღეებს და არც მწვანე მუშტს და ა. შ. ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ვერ ექნება.

6. ყველა მოთხოვნის უკან არსებობენ რადიკალები და ეს ნორმალურია. ნატა ფერაძე (რაკი ის არის ყურადღების ცენტრში) თავისი დღის წესრიგის ერთგულია და, როგორც მეჩვენება, საკმაო კომპეტენციაც გამოიმუშავა ამ სფეროში. ეს ერთგულებაც და კომპეტენციაც დასაფასებელია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთგულება და თავგანწირვა არ არის სიმართლის გარანტია: ერთგული და თავგანწირული ადამიანებიც შეიძლება ცდებოდნენ. ადრეც მითქვამს, ბოდიში განმეორებისთვის: თავგანწირვით და ერთგულებით მუსლიმ თვითმკვლელ ტერორისტებს ვერავინ აჯობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტიზანების, მწვანე მუშტის მომღერებლების და სხვების ზოგიერთი მოთხოვნა აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ხანდახან მათი დისკურსი რაღაც ნეო-დრუიდული სექტისას მაგონებს. გმირებიც და რადიკალებიც ხანდახან საჭირონი არიან, მაგრამ გმირობის და რადიკალიზმის კულტი სახიფათოა.

ბოდიში, თუ ზედმეტად გაწონასწორებულად, დავარცხნილად, ბანალურად და არაშთამაგონებლად ვჟღერვარ" - წერს პოლიტოლოგი.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის შემდეგ დაიწყეს. ისინი გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვენ. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. დღეს გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტენ, თუმცა, აქციებს აგრძელებენ.

ამასთან, თბილისის მერის მტკიცებით, ეკოლოგიისა და გამწვანებისსამსახურის რეორგანიზაციიის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი წინადადება შემუშავებულია და საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. ნარმანიას თქმით, ახალი ცვლილებების მიხედვით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად. სამსახურის შიგნით სამი ახალი განყოფილება შეიქმნება.

კომენტარები