სოფლის მეურნეობა

მიწების მორატორიუმის გამო შესაძლოა სოფლის მეურნეობის საკრედიტო ბაზარი შემცირდეს

Reuters

ქართული ოცნების მიერ დაწესებული მიწების მორატორიუმი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას აფერხებს. აკრძალვამ საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. აღნიშნულმა აკრძალვამ კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი გამოიღო, რაზეც მის შემქნელ კანონმდებლებს რეგულაციის მიღების დროს არ უფიქრიათ, ის ფერმერებს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს.

საქმე იმაშია, რომ აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან კომერციული ბანკებიც, რომლებსაც პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აუკრძალა. ამ აკრძალვის გამო კომერციულ ბანკებს, რომელთა მფლობელებიც უცხოელები არიან, საჯარო რეესტრი მიწების მათ საკუთრებაში დარეგისტრირებაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიზნესომბუდსმენმა სპეციალური განცხადებით აცნობა.

უცხოეთის მოქალაქეები საკონტროლო წილებს ფლობენ ტერაბანკში, პროკრედიტ ბანკში, ზირაათ ბანკში, ბაზისბანკში, ხალიკ ბანკსა და სხვა კომერციულ ბანკებში. 

თუ აღნიშნული აკრძალვა ძალაში დარჩება ამით ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება შეფერხდება, რადგანაც აღნიშნული ბანკები უარს იტყვიან სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებაზე. საქმე იმაშია, რომ აგრარულ სექტორში კრედიტის უზრუნველყოფად ხშირ შემთხვევაში თავად მიწა იდება, თუ კომერციულ ბანკებს არ ექნებათ უფლება გადაუხდელი კრედიტის შემთხვევაში უზრუნველყოფაში ჩადებული უძრავი ქონება დაირეგისტრირონ, ისინი ამ სექტორში კრედიტის გაცემაზე უარს იტყვიან.

ახლა ქართული ოცნება მის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობს, რისთვისაც ეკა ბესელიამ და კიდევ ხუთმა დეპუტატმა სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც უცხოელების მიერ დაფუძნებულ ბანკებს საგამონაკლისო წესით აძლევს შესაძლებლობას ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

ეს ქართული ოცნების მიერ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

კომენტარები