ე.წ ციანიდის საქმე

ომბუდსმენი: ე.წ ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  ე.წ ციანიდის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. უჩა ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახალხო დამცველის ოფისის მიერ, საქმეზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებზეა საუბარი. განცხადებაში წერია, რომ გამოძიების პირველივე დღიდან დარღვეული იყო უდანაშაულობის ფრეზუმცია და მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

„მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.“- წერია განცხადებაში.

სახალხო დაცმველის თქმით, პროცესებზე დაკვირვების შედეგადაც არაერთი დარღვევა გამოიკვეთა, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პროცესის სამართლიან მიმდინარეობას.

„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალურ მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვა მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერის მოპოვება არ უზრუნველყო არც ბრალდების მხარემ. პროკურატურამ უზრუნველყო მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება მაშინ, როდესაც მთავარი მოქმედებების კანონიერების საკითხი ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ობიექტური მტკიცებულების მოპოვება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა იმის გამო, რომ აეროპორტში მყოფ პირთა ჩვენებებს შორის რამდენიმე შეუსაბამობა დაფიქსირდა. “- წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ აქვს მოპოვებული ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება.

„არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა. ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოყოფილი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც შეიქმნებოდა ნეიტრალური მტკიცებულება და გადამოწმდებოდა დაცვის მხარის ვერსია. პროკურატურას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა ამოღებულ კოლოფთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა მის ფლობას. ასევე არადამაჯერებელია ბრალდების განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაინიშნა ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე თავდაპირველად ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა, რის შემდეგაც შეუძლებელი იქნებოდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.“ - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, სახალხო დამცველი გააგრძელებს საქმეზე მონიტორინგს სააპელაციო სასამართლოშიც და ასევე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება სპეციალური მოხსენება, სადაც  საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია იქნება მიმოხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზის ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები