ე.წ ციანიდის საქმე

ე.წ ციანიდის საქმე - რა მონაკვეთები ამოჭრა პროკურატურამ ფარული ჩანაწერიდან

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

ე.წ ციანიდის საქმეში არსებული ფარული ვიდეო მასალის სრულ ვერსიაში, რომელიც კურიერის ჯგუფმა ექსკლუზიურად მოიპოვა, ჩანს, რომ საქართველოს პროკურატურამ ვიდეოდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ამოჭრა. 

კერძოდ, საუბარია იმ მონაკვეთზე, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძესთან საუბრისას ამბობს, რომ მას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დაურეკა და უთხრა, გერმანიაში, პატრიარქთან ჩასულიყო. 

თუმცა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში მიტროპოლიტი დიმიტრი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დეკანოზმა მას თავად დაურეკა და ჩასვლისთვის კურთხევა სთხოვა, რომელიც მიიღო კიდეც. 

ამასთან, ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დეკანოზს შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით უსვამს კითხვას, დეკანოზი კი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილი მარილზე უნდა გაუშვას. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დიალოგი აქ წყდება, თუმცა ამ საუბარს შემდეგნაირი გაგრძელება აქვს. დეკანოზი იცინის და ამბობს:

"მაგას ხო იცი, წინასწარმეტყველება აქვს. მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა, რომ შენ ფსიქიკურად შეიშლებიო, პატრიარქის გარდაცვალებამდეო და საპატრიარქოს დაუწყებო "კრუგების" რტყმასო და არ შეგიშვებენ შიგნითო".

კურიერის მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ მასალაში, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ერთერთ მაღალჩინოსანს ესაუბრება და ეუბნება, რომ ილიას უნივერსიტეტის პროფესორის არჩილ გამზარდიას Facebook პოსტმა გააღიზიანა, სადაც ის წერდა, რომ შესაძლოა პატრიარქის გერმანიაში გამგზავრების შემდეგ, ის მოკლან. 

"მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურმა ეს უნდა შეისწავლოს და მერე, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართოს. არ შეიძლება ასე ყურიდან-ყურში გაშვება. თან აშკარად პროვოკაციაა იმიტომ, რომ ახლა ვიღაც რომ გაიგებს, რომ პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში მაგიტომ წაიყვანეს, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა, გესმის? ქვეყნის გადატრიალების ტოლფასია ახლა მაგას რომ აკეთებ, რა. იძახის, რომ ქვეყნის გადატრიალების გეგმა არსებობს,"- ეუბნება დეკანოზი საპატრიარქოს უსაფრთხოების წარმომადგენელ ტარას შავშიშვილი აუდიოჩანაწერში. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება. ეს იქნება პირველი სხდომა ამ საქმეში, რომელიც იქნება ღია, როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე აეროპორტში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამლვა, თუმცა მისი დაკავებისას ისევე, როგორც პროკურატურის წარმომადგენლები, ხელისუფლების წევრებიც ღიად თუ ირიბად მიანიშნებდნენ იმაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას აპირებდა, მათ კი ქვეყანას "დიდი განსაცდელი აარიდეს". ამასთან, პროკურატურის მიერ პირველად გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლის მცდელობა, შორენა თეთრუაშვილი კი სასულიერო პირი არ არის. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ყვება, რომ როდესაც დეკანოზი დააკავეს, სამართალდამცავები მას ეუბნებოდნენ - "ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქის მოწამვლას აპირებდი". 

თავად დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ნაცნობი ხატმწერისთვის, თუმცა საბოლოოდ მას ციანიდი არ შეუძენია და ჩაუდეს. 

კომენტარები