საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2017 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთავრობის მიერ საპროგნოზოდ განსაზღვრულ 4%-იან ზრდას 0.4%-ით აღემატება.
წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მარტსა და მაისში იყო, ყველაზე დაბალი კი აპრილში
- იანვარი - 5.2%
- თებერვალი - 4.4%
- მარტი - 5.3%
- აპრილი - 2.1%
- მაისი - 5.3%
- ივნისი - 4.6%
- ივლისი - 3.8%
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მოახდინა 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე კომპანიების გაზრდილმა ბრუნვამ. ივლისში ბიზნესის ბრუნვამ 5.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8%-ით მეტია.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა შეამცირეს. მაისამდე მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადებით ბანკმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირდა, ასევე 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც.
2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.





