მოგზაურობა

თაღლითების 19 ხრიკი, რომელსაც ევროპასა თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას წააწყდებით

მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, უკვე ათასობით ადამიანი დადის ევროპაში სამოგზაუროდ. თუმცა, სანამ ევროტურს მოიწყობთ, უნდა იცოდეთ, რომ ტურისტები ყველაზე მარტივად მოსატყუებლები არიან თაღლითებისთვის. 

იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდეს, ტაბულა Bright Side-ზე დაყრდნობით გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ 19 ხრიკს, რომელსაც ტურისტების მოსატყუებლად იყენებენ.

უფასო სუვენირი

ქუჩაში სიარულისას "მეგობრობის სამაჯურს" გთავაზობენ. თუკი გამოართმევ, ფულის გადახდას მოგთხოვენ და სანამ თქვენ იმაზე იფიქრებთ, გიღირთ თუ არა ამ სამაჯურში ფულის გადახდა, ჯიბეები უკვე ცარიელი გექნებათ. 

სად ხდება: საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ეგვიპტეში



ვარდი თქვენი მეგობარი გოგონასთვის

მამაკაცი, რომელსაც ხელში ყვავილების ბუკეტი უკავია, მოდის და ერთ ცალ ვარდს გთავაზობთ, რომლის ფასიც მთელი ბუკეტის ფასზე მეტია. თუკი უარს იტყვით, თქვენს შერცხვენას ეცდება და მათხოვარს დაგიძახებთ. 

სად ხდება: საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში

ყალბი ბილეთი

მუზეუმში ყოფნისას, თქვენთან მოდის პირი და გთავაზობთ ბილეთს უფრო მეტ ფასად, ვიდრე სალაროში იმის სანაცვლოდ, რომ რიგში დგომა არ მოგიწევთ. თუკი შეთავაზებით მოიხიბლებით და იყიდით, აღმოაჩენთ, რომ ბილეთი ყალბია. 

სად ხდება: საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში

ფეხსაცმლის მწმენდავი

მამაკაცს ფეხსაცმლის ჯაგრისი თქვენ წინ უვარდებათ. თუკი გამოიჩენთ გულისხმიერებას, დაიხრებით და ჯაგრისს მიაწოდებთ, ის ფეხსაცმლის გაწმენდას შემოგთავაზებთ. თავიდან, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს მადლიერების ჟესტია, თუმცა როცა წმენდას დაასრულებს, ამის საფასურს მოგთხოვთ. 

სად ხდება: თურქეთში

სასტუმროს ოთახის შემოწმება

სასტუმროს თანამშრომლების ფორმაში გადაცმული ორი ადამიანი ოთახის კარზე აკაკუნებს, რომ შეამოწმოს ოთახი ან მოაგვაროს რაიმე პრობლემა. სანამ ერთი მათგანი თქვენი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობს, მეორე ყველა თქვენს ძვირფას ნივთს იპარავს.

სად ხდება: ესპანეთში

ფოტოგრაფი

მეგობრულად განწყობილი ადგილობრივი გთავაზობთ ფოტოს გადაღებას. კარგ შემთხვევაში, ის ამისთვის ფულს მოგთხოვთ. ცუდ შემთხვევაში კი, თქვენს ფოტოაპარატთან ან მობილურთან ერთად გაიქცევა. 

სად ხდება: ევროპაში

ფულის ნელა თვლა

მოლარე ზანტად ითვლის თქვენთვის დასაბრუნებელ ხურდას, რაღაც ეტაპზე ჩერდება, თითქოს თვლა აერია და თავიდან იწყებს პროცესს. ამ ქმედების მთელი არსი კი ის არის, რომ მოთმინება დაკარგოთ და ხურდა მათ დაუტოვოთ. 

სად ხდება: ევროპაში

დაკეტილი სასტუმრო

ტაქსის მძღოლი გეუბნებათ, რომ სასტუმრო, რომელშიც მიდიხართ, დაკეტილია და სხვა სასტუმროს გთავაზობთ, რომელიც უფრო ძვირი ღირს და რომელშიც მას ამ შეთავაზების გამო ფულს უხდიან.

სად ხდება: ევროპაში



ინგლისურად საუბარი

საყვარელი გოგონა, რომელმაც გაიგონა, როგორ საუბრობთ ინგლისურად, მოდის თქვენთან და გთხოვთ, რომ ინგლისური ენის დახვეწაში დაეხმაროთ. ამისათვის კაფეში გპატიჟებთ და ისე იქცევიან, თითქოს თვითონ აპირებენ გადახდას, მაგრამ როგორც კი ამის დრო მოვა, ის თვალსა და ხელს შუა ქრება. 

სად ხდება: ჩინეთში

თვითმარქვია ბერ-მონაზვნები

ბერ-მონაზვნების ჯგუფი მოდის თქვენთან და გთხოვთ, რომ გამოიჩინოთ შემწეობა და ფულით დაეხმაროთ. ამასთან განახებთ იმ ადამიანების სიას, ვინც უკვე გადაიხადა ფული. თუ მათ დაუჯერებთ, იცოდეთ, რომ თქვენი ფული მონასტერში არ წავა. 

სად ხდება: ჩინეთში

ავტობუსის ყალბი გაჩერება 

თქვენ ელოდებით ავტობუსს, რომელიც არ მოვა, რადგან იქ, სადაც დგახართ, გაჩერება არ არის, უბრალოდ, ავტობუსის გაჩერების ყალბი ნიშანია. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ, არის ტაქსი და სხვა ტურისტები, რომ მათთან ერთად გადასახდელი ფული გაიყოთ. 

სად ხდება: ჩინეთში


 
აორთქლებული ტაქსისტი

როდესაც სასტუმროს მიუახლოვდებით, ტაქსისტი დახმარებას შემოგთავაზებთ. ისინი ძალიან იჩქარებენ და აუცილებლად გაიყოლებენ თქვენი ჩანთებიდან ერთერთს. 

სად ხდება: აშშ-ში

დასვრილი სამოსი

ვიღაც "შემთხვევით" სასმელს გადაგასხამთ სამოსზე. ისინი ტანსაცმლის გასუფთავებისას დახმარებას შემოგთავაზებენ და ამასთან ერთად ჯიბეებსაც "გაგისუფთავებენ".

სად ხდება: ბრაზილიაში

ტაქსისტი

ზოგიერთმა ტაქსისტმა, შესაძლოა, ისარგებლოს იმით, რომ ქალაქი არ იცით და არც Google-ის ნავიგაციას იყენებთ და, შესაბამისად, სახლში უფრო გრძელი გზით წაგიყვანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ბევრად მეტის გადახდა მოგიწევთ. 

სად ხდება: ყველგან



ცუდი პოლიციელი

პოლიციის ოფიცრები გეუბნებიან, რომ ქვეყანაში არსებობს ყალბი ფულის გავრცელების საშიშროება და ამიტომ თქვენი საფულე უნდა შეამოწმონ. ცხადია, ისინი მთელ ფულს იპარავენ. იმავე ჟანრიდანაა, როცა გეუბნებიან, რომ თქვენ ვიზას პრობლემა აქვს და ამისთვის დამატებით თანხა უნდა გადაიხადოთ. 

სად ხდება: ყველგან

გატეხილი ფოტოაპარატი

ადამიანების ჯგუფი გთხოვთ, რომ ფოტო გადაუღოთ და თავიანთ ფოტოაპარატს ისე გაჩეჩებთ ხელში, რომ უარის თქმას ვერ ასწრებთ. როდესაც კამერის დაბრუნებას ცდილობთ, ის "შემთხვევით" ვარდება და ტყდება, რაშიც თაღლითები თქვენს დადანაშაულებას დაიწყებენ და ზიანის ანაზღაურებას მოგთხოვენ.

სად ხდება: ყველგან



ფოტოს გადაღება ცხოველთან ერთად

ქუჩაში სიარულისას დაინახავთ ადამიანებს გველით, თუთიყუშითა თუ სხვა ცხოველით. როდესაც მათ ჩაუვლით, ისინი მხარზე დაგასვამენ რომელიმე ცხოველს და ფოტოს გადაგიღებენ. შემდეგ კი, ამისთვის ფულს მოითხოვენ.

სად ხდება: ყველგან 

დამატებითი მენიუ

ზოგიერთ რესტორანს ორი მენიუ აქვს. საჭმლის ასარჩევად გაწვდიან იმ მენიუს, რომელშიც ფასები ნაკლებია, ხოლო გადახდისას ხელმძღვანელობენ იმ მენიუთი, რომელშიც ფასები უფრო ძვირია. 

სად ხდება: ყველგან

იაფი ტურები

ყველაზე იაფი ან საერთოდაც უფასო ტურები, რომლებსაც სასტუმროსთან გთავაზობენ, ნიშნავს იმას, რომ ტურის ორგანიზატორები წაგიყვანენ ძვირიან მაღაზიებში, რომელთაგანაც ისინი ამის სანაცვლოდ ფულს იღებენ. 

სად ხდება: ყველგან

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს და არასდროს აღმოჩნდებით თაღლითების მსხვერპლები. 

კომენტარები