აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადებიან

Reuters

აშშ და სამხრეთ კორეა ორშაბათიდან 10 დღიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ, რომელშიც დაახლოებით 17 500 ამერიკელი და 50 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა, თუმცა ჩრდილოეთ კორეა მას თავდასხმისათვის მზადებად აღიქვამს.

ჩინეთმა და რუსეთმა ივლისში წამოაყენეს წინადადება რაკეტების გამოცდის შეჩერების სანაცვლოდ სამხედრო წვრთნების შეწყვეტის შესახებ, თუმცა აშშ არ გეგმავს ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებას.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გუამზე თავდასხმის მუქარის და ფხენიანის სარაკეტო პროგრამის გარშემო არსებული დაძაბულობის პირობებში ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ერთობლივი წვრთნები განსაკუთრებით სენსიტიურ პერიოდში პროვოკაციულ ქმედებად შეიძლებოდა აღქმულიყო.

კვირას ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა სამთავრობო გაზეთმა ერთობლივ წვრთნებს წინდაუხედავი საქციელი უწოდა, რომელიც სიტუაციას არაკონტროლირებადი ატომური ომის ფაზაში გადაიყვანს.

ფხენიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ მის არმიას შეუძლია აშშ მიზანში ამოიღოს ნებისმიერ დროს და ვერც გუამი და ვერც ჰავაი ვერ შეძლებენ "დაუნდობელი თავდასხმის" თავიდან აცილებას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფხენიანმა ეს წვრთნები არ უნდა გამოიყენოს სიტუაციის გასამწვავებლად. წვრთნებს სამხრეთ კორეაშიც ჰყავს ოპონენტები, სადაც ორშაბათს საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები