აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ჩრდ. კორეა აშშ-ის კუნძულ გუამზე თავდასხმისთვის მზადაა, თუმცა დროებით თავს იკავებს

KCNA VIA REUTERS

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აშშ-ის კუნძულ გუამზე თავდასხმის გეგმას გაეცნო, თუმცა დროებით მისი განხორციელებისგან თავს იკავებს და აშშ-ის მთავრობის მხრიდან ნაბიჯებს ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, რომ გუამი ცეცხლში მოაქციოს, თუმცა მისივე თქმით, დაელოდებიან, რას იზამენ "სულელი იანკები", სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კიმ ჩენ ინის თქმით, აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო სამხედრო კონფლიქტი. 

"აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და თავისი ქმედებებით უნდა გვაჩვენოს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირება და სამხედრო კონფლიქტის არიდება სურს", - თქვა კიმ ჩენ ინმა.

გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის კუნძულ გუამზე მდებარე სამხედრო ბაზის დაბომბვით დაემუქრა. ტრამპმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან თუ ჩრდილოეთ კორეა დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის წინააღმდეგ. მოგვიანებით ტრამპმა გუამის გუბერნატორს დაურეკა და მხარდაჭერა აღუთქვა. 

"შესაძლოა ამას ყველა პრეზიდენტი გპირდებოდათ, მაგრამ მე თქვენ აუცილებლად დაგიცავთ", - უთხრა ტრამპმა კალვოს.

გარდა ამისა, ტრამპმა გუამის გუბერნატორს პოპულარობაც მიულოცა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო პრესა გუამზე საუბრობს, რაც კუნძულზე ტურიზმის განვითარებას მოიტანს.

კომენტარები