gem fest

ფინანსური პოლიცია: Gem Fest-ზე სავარაუდოდ ფინანსური დარღვევები იყო

gem fest

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ზე დარღვევების სავარაუდო საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. ფესტივალის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა გამოკითხვაზე დღეს უწყებაშია დაბარებული.

საგამოძიებო სამსახურმა დაწყებული საქმის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უწყება გიორგი სიგუას მიერ დაფუძნებული კომპანია "არტ პლატფორმას" ფინანსებს სწავლობს და გამოძიების ფარგლებში კომპანიიდან ამოღებულია ყველა სახის ფინანსური დოკუმენტაცია.

სწორედ "არტ პლატფორმამ" მიიღო ბიუჯეტიდან 1.98 მილიონი ლარის პირდაპირი დაფინანსება, რომლითაც მას სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით აღნიშნული თანხა DJ-ების ჰონორარებში უნდა გადაეხადა. სავარაუდოდ, ფინანსური პოლიცია სწავლობს დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის სახსრები კონტრაქტის შესაბამისად.

ერთთვიანი ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც ფესტივალის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება წარმოეშვათ. 

კომპანია "არტ პლატფორმის" დირექტორი გიორგი სიგუაა, ის აღნიშნული კომპანიის 90%-იან წილს ფლობს. 10%-ის მფლობელი კი ლაშა წურწუმიაა.

გიორგი სიგუა 2014 წლამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2014-ში მისი გადადგომა "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში წარმოშობილ უთანხმოებას უკავშირდებოდა.

კომენტარები