ნარკოდანაშაული

ფონიჭალაში დაკავებულის ადვოკატი: ბრალდებული ნაცემია და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს

შსს

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატის მევლუდ ჩოფლიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია. ადვოკატის ინფორმაციითვე, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ვადიდი გუსეინოვი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

“აქვს ფიზიკური დაზიანებები მიყენებული, როგორც მე ვვარაუდობდი და დაფიქსირებული აქვს “კპზ-ში” ჩაბარების დროს ექიმს, რომ მას დაზიანებები აქვს მიღებული. ალბათ, ექსპერტიზას დავნიშნავთ შემდეგ. სახეზეც ამჩნევია ცოტა და ტანზეც. თვითონ ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მცემესო. ასევე თქვა, რომ ჩაუდეს 11 აბი ნარკოტიკი. მან კატეგორიულად უარყო ნარკოტიკების გასაღება“ - აღნიშნა ჩოფლიანმა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის იყო დაკავებული, თუმცა გირაოს სანაცვლაოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი სპეცოპერაცია ჩაატარა. აბასგულ გუსეინოვი თბილისის გასასვლელში, თბილისი მოლთან დააკავეს ნარკორეალიზაციის ბრალდებით, ხოლო მისი ნათესავი ვადიდი გუსეინოვი - ფონიჭალაში.

კომენტარები