აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სახ.დეპარტამენტი: საქართველო კვლავ რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ

შემაშფოთებელია, რომ საქართველო კვლავ რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბრის მონაცემებით, სირიასა და ერაყში, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული რეგიონებიდან - აჭარიდან და პანკისის ხეობიდან წასული 50-დან 100-მდე ქართველი ალ-ქაიდასა ან ISIL-ის მხარეს იბრძოდა, მათ შორის არის ISIL-ის ლიდერი, თარხან ბათირაშვილი (იგივე ომარ ალ-შიშანი). საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები კვლავ აგრძელებენ რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან საქართველოს გავლით სირიასა და ერაყში გადაადგილებას" - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო აშშ-სთან ერთად კონტრ-ტერორისტულ საკითხებზე მჭიდროდ თანამშრომლობდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა უცხოელ ტერორისტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა და თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რეგულაციები შეცვალა. ასევე ის, რომ საქართველო 2014 წელს აგრძელებდა კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერებას.

„აპრილში საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანება და ტერორისტულ საქმიანობაზე ხელის დაფარება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა" , - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია სასაზღვრო დაცვის გაძლიერების უზრუნველყოფაზეც და ნათქვამია, რომ საქართველო სასაზღვრო უსაფრთოების გაძლიერებას კვლავაც აგრძელებს, რაც ნაწილია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვებისაკენ მიმავალი გზის. ანგარიშში აღნიშნუალია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის არარსებობა და მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობა, ქვეყანას ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს დაიცვას ჩრდილოეთი საზღვარი.

კომენტარები