სააკაშვილის ექსტრადიცია

ვოლსკი: აუდიო ჩანაწერი "მოდელირებული ქრონიკაა" ყურადღების გადატანისკენ მიმართული

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი რუსი პრანკერების მიერ შს მინისტრთან გაკეთებულ აუდიოჩანაწერზე ამბობს, რომ ეს "მოდელირებული ქრონიკაა", რომლითაც ოპოზიცია ყურადღების გადატანას ცდილობს.

"ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც სააკაშვილი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული, მოიძებნება ასეთივე მოდელირებული ქრონიკა, ჩანაწერი ან რაიმე სხვა თემა რომელზეც ყურადღების გადატანას შეეცდებიან. ეს არის მოსალოდნელი და რასაკვირველია ამ გადაფარვის საშუალება, წინაპირობა არ უნდა არსებობდეს", - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს ვოლსკი.

გიორგი მღებრიშვილი კი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ის მისი აზრით უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვს ესაუბრება და რომელშიც ის უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მიღებაზე ამბობს:

"ჩვენ კომენტარი უკვე გავაკეთეთ, ამაზე მეტს, რა ვიცი... ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს", - ამბობს მღებრიშვილი.

რუსმა რანკერმა ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) რადიოსადგურ Говорит Москва-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრანკერები მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი ნებისმიერ ექსპერტიზას გადასცენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. მათი განცხადებით, არასერიოზულია დაშვება, რომ მინისტრები ასეთ თემებს ტელეფონით განიხილავენ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი, საქართველოს პროკურატურას მიმართა, შს მინისტრის სავარაუდო მონაწილეობით გავრცელებული აუდიო ჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

კომენტარები