სააკაშვილის ექსტრადიცია

წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: პროკურორები გააგრძელებენ თანამშრომლობას

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ინფორმაცია დააზუსტა. მისი თქმით, ქართულ მხარეს უკრაინისთვის მტკიცებულებები გადაგზავნილი აქვს. 

"მიხარია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან დაზუსტდა ინფორმაცია.  დიახ, სიმართლეა ის, რომ ჩვენ, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

ჩვენი მოთხოვნა გაგზავნილი იყო, დასაბუთებული იყო. მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები, თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ" - თქვა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ თავდაპირველად განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ უმსჯელიათ. მისი თქმით, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაა და ამ თემაზე ორ ქვეყანას შორის მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ამას ქართული მხარე მოითხოვს. 

მოგვიანებით, პოროშენკომ განმარტა, რომ მან ინფორმაცია გადაამოწმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა, რომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინამ უარყოფითი პასუხი გასცა.

"მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 2015 წლის თებერვალში უკრაინული მხარისგან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი მიიღო. 

კომენტარები