სააკაშვილის ექსტრადიცია

მღებრიშვილი აუდიოჩანაწერზე: მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს, ჩაატარონ ექსპერტიზა

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, შსს-მ კომენტარი უკვე გააკეთა. მისივე თქმით, "ჩაატარონ ექსპერტიზები, რა სახიდაც გინდა, იყოს". ცნობისთვის, Страна.ua-ს მტკიცებით, მათ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ცნობილი რუსი პრანკერი ლექსუსი საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. ვებგვერდის მტკიცებით, მღებრიშვილი ჩანაწერში სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, დაკავების შემთხვევაში ის საქართველოს არ გადმოსცენ. თითქოსდა საქართველოს შს მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. 

"ჩვენ კომენტარი უკვე გავაკეთეთ, ამაზე მეტს, რა ვიცი... ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს.

თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ ექსპერტიზები. რა სახისაც გინდა, იყოს. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ФСБ-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად, ერთად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს შესასუსტებლად არის მიმართული" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რუსმა რანკერმა ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) რადიოსადგურ Говорит Москва-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრანკერები მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი ნებისმიერ ექსპერტიზას გადასცენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. მათი განცხადებით, არასერიოზულია დაშვება, რომ მინისტრები ასეთ თემებს ტელეფონით განიხილავენ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი, საქართველოს პროკურატურას მიმართა, შს მინისტრის სავარაუდო მონაწილეობით გავრცელებული აუდიო ჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

კომენტარები