gem fest

GEM Fest-ზე დასაქმებულები აქციას მართავენ და კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

gem fest

განმუხურში GEM Fest-ზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მათ ფესტივალზე შესასვლელი კარი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, მათ მხოლოდ 100 ლარი გადაუხადეს. ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

“GEM Fest-ის ხელმძღვანელობა არ იძლევა ჩვენ მიერ გამომუშავებულ თანხას. აღსანიშნავია ისიც, რომ GEM Fest-ის დირექტორი გიორგი სიგუა, პირდაპირი მნიშვნელობით, გაიქცა ქვეყნიდან, თავს არიდებს პასუხისმგებლობას და ყურადღებას არ გვაქცევს”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუსთავი 2-თან.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ფინანსურ პრობლემებზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, ერთთვიანი ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ აღმოჩნდა.

"ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად, დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი - წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, ივლისი. კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს, იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების,ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც უცხოელ პარტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას “- დაწერა სიგუამ Facebook-ის გვერდზე.

ფესტივალის ორგანიზატორის თქმითვე, ის და მისი გუნდი არ გაურბიან ვალდებულებებს და ყველა მომჩივანს და სუბიექტს ვალს გადაუხდიან.

კომენტარები