შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, წყალზე მაშველებმა ურეკსა და ბათუმში 27 ადამიანი გადაარჩინეს. გარდა ამისა, 6 დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს.
რაც შეეხება მთლიანად წლევანდელ საზღვაო სეზონს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. შსს-ს ცნობით, მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს. ამავე პერიოდში, მათ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ 15 მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით გუშინ დააჯილდოვეს.





