საქართველო-უკრაინა

სააკაშვილი აუდიჩანაწერზე: მტკიცდება, რომ ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა

neweurope.eu

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

"რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა "ავაკოვთან" საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა და წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს. ივანიშვილს საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია, რამდენადაც ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმაო მასალა აქვს ჩემი მმართველობის შესადარებლად ოლიგარქიულ ჩაგვრასთან, გამოვა ქუჩაში და გახვეტს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები, რომლებიც უკავშირდება უკრაინას და მის გათავისუფლებას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან", - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

Страна.ua-ს მტკიცებით, მათ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ცნობილი რუსი პრანკერი ლექსუსი საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. მღებრიშვილი ჩანაწერში სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, დაკავების შემთხვევაში ის საქართველოს არ გადმოსცენ. მღებრიშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. მათი განცხადებით, არასერიოზულია დაშვება, რომ მინისტრები ასეთ თემებს ტელეფონით განიხილავენ.

კომენტარები