საქართველო-უკრაინა

შსს: არასერიოზულია დაშვება, რომ მინისტრები ასეთ თემებს ტელეფონით განიხილავენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური Страна.ua-ს გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. გამოცემის მტკიცებით, უკრაინელი სატელეფონო ხულიგანი "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ესაუბრა. 

"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით განიხილავენ, არასერიოზულია," - აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Страна.ua-ს გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ არ სურს, დაკავების შემთხვევაში, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცეს. გამოცემის მტკიცებითვე, საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს თხოვნა პრემიერმინისტრთან შეთანხმებულია და ქართულ მხარეს არ სურს, მიხეილ სააკაშვილისგან გმირის შექმნა.

“ჩვენ ვითათბირეთ, სჯობს, ის იყოს თქვენთან, ვიდრე იჯდეს აქ ციხეში. ჩვენ არ გვინდა მისგან გმირი შევქმნათ. თუ ის აქ ჩამოვა, დაიწყება ვნებათაღელვა. თუ ის უკრაინაში გამოჩნდება, არ გადმოგვცეთ” - ნათქვამია აუდიოჩანაწერში, რომლის ნამდვილობასაც საქართველოს შსს უარყოფს.

კომენტარები