აგვისტოს ომი

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება

ვლადიმირ პუტინი
newsweek

Интерфакс-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინი მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას გამართავს და ხელი მოეწერება ორმხრივ დოკუმენტებსაც.

რუსული მედიის ცნობით, პუტინისა და ხაჯიმბას შორის შეხვედრა ბიჭვინთაში, დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

პუტინის ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტი" საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებაა. უწყების შეფასებით, "მსგავსი ცინიკური ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან". საგარეო აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

უკანასკნელად, პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში 2013 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავზე იმყოფებოდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები