ინფლაცია

კობა გვენეტაძე: ინფლაციის ზრდა საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაძვირებამ გამოიწვია

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, 2018 წლის დასაწყისისთვის ინფლაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ 3%-მდე შემცირდება. გვენეტაძის თქმით, დღეს არსებული შედარებით მაღალი ინფლაციის გამომწვევი მიზეზი საწვავსა და თამბაქოზე გაძვირებული აქციზის გადასახადი და გლობალურად ნავთობზე გაზრდილი ფასებია.

"2017 წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია გაიზარდა და ივნისში 7.1% შეადგინა. ინფლაციის მატება ძირითადად ერთჯერადი ფაქტორებით, კერძოდ, საწვავისა და თამბაქოს პროდუქტების გაძვირებით, არის გამოწვეული, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას და ასევე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. ამ პროდუქტების წვლილი ინფლაციაში 2.6 პროცენტული პუნქტია. რადგანაც ეს ზრდა ერთჯერადი ხასიათისაა, ის ეკონომიკური შინაარსით ინფლაციას არ წარმოადგენს", - ამბობს გვენეტაძე.

გაძვირებული აქციზის გადასახადი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან გაიზარდა 400 ლარამდე. კოლოფ სიგარეტზე კი აქციზური მარკა 1.1 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. იქიდან გამომდინარე რომ წლიური ინფლაციის გამოთვლისას დღეს არსებული ფასები დარდება გაძვირებამდელ პერიოდს (2016 წელს) აქციზის მატება ინფლაციაზე ახდენს გავლენას. 2018 წლის იანვრიდან კი როდესაც მომავალი ფასები შედარდება 2017 წელს (გაზრდილი აქციზის პერიოდს) მომატებული აქციზის საფასური ტექნიკურად ინფლაციის ფორმირებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

კანონის მიხედვით, ქვეყანაში ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. სებ-ი ამ მოვალეობას რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით, ანუ მის მიერ კომერციულ ბანკებზე მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით აკონტროლებს. თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი ამ დროს რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, სამიზნეზე დაბალი ინფლაციის შემთხვევაში კი განაკვეთს ამცირებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 4-6 კვარტლის პერიოდში ახდენს გავლენას.

ეროვნულმა ბანკმა 26 ივლისს რეფინანსირების განაკვეთის 7%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის მონეტარული პოლიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მაღალი ალბათობით რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 6%-მდე შემცირდება.


ფოტო: საქსტატი

კომენტარები