საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

რუსი დეპუტატი: პენსის ვიზიტის შემდეგ, პუტინის აფხაზეთში ჩასვლა ლოგიკურია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის და ვლადიმირ პუტინის მრჩევლის კონსტანტინ ზატულინის შეფასებით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მიუღებელია. მან რუსთავი 2-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ფონზე, "ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება".

"იმიტომ რომ, პენსი როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ბევრი ილაპარაკა საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს ნიშნავს მცდელობას, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საქართველო - აფხაზეთის ან საქართველო-ოსეთის საზღვარზე. ბატონი პენსი საუბრობდა საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს NATO-ს წევრი, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”-განაცახადა ზატულინმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თქმითვე, პენსის ვიზიტისას ქართველი მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ მისი გულის მოგებას, რაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს.

“პენსმა საქართველოში ამერიკული დროშა ააფრიალა და მისი მაღალი რანგის ქართველი მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ეს ყველაფერი კი, რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს, მათ შორის პრეზიდენტის. აუცილებელი არ იყო, ეს პრეზიდენტს გაეკეთებინა, თუმცა ასე გამოვიდა, რომ პრეზიდენტი პუტინი ჩავა აფხაზეთში, ვფიქრობ, გამონახავს დროს, მოინახულოს იქ ჩვენი სამხედროები, თუ საჭირო გახდა, აუხსნის აფხაზეთის მოსახლეობას, რომ რუსეთთან დაკავშირებისა და რუსეთის აღიარების შემდეგ, აფხაზეთს აღარაფერი ემუქრება”- აღნიშნა ზატულინმა რუსთავი 2-თან საუბარში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს სოხუმში ჩავა.ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი 2008 წლის 8 აგვისტოს 9 წლისთავს ემთხვევა.

კომენტარები