სავალუტო რეზერვები

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

ტაბულა

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. სებ-მა ბაზრიდან $20 მილიონი დოლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა და მისი კურსი 2.3952 ლარი გახდა. რომ არა სებ-ის სავალუტო ინტერვენცია სავარაუდოდ ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ევროსთან მიმართებით ლარი დღეს 1.8 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 2.82-მდე გაიზარდა.

ეს 2017 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მეშვიდე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში ამ ინტერვენციების შედეგად ეროვნულმა ბანკმა $109 მილიონი დოლარი შეისყიდა. სავარაუდოდ ამ გზით სებ-ი ლარს მკვეთრად გამყარების შესაძლებლობას არ აძლევს.

ინტერვენციების ფონზე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა კრიზისამდელ ნიშნულს უბრუნდება. საქართველოს სავალუტო რეზერვები მაქსიმალური 2013 წლის ოქტომბერში იყო და ის $2.9 მილიარდს შეადგენდა. სავალუტო კრიზისის გამო კი ის 2015 წელს $2.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც დაახლოებით 2011 წელს არსებული მაჩვენებლის ტოლია.

დღეის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.75 მილიარდი დოლარია, ამ მოცულობის რეზერვები საქართველოს ბოლოს 2013 წლის ნოემბერში ჰქონდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $1.8 მილიარდია (ივნისი, მაისი, აპრილი) 

2015 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $286 მილიონი გაყიდა. ამ წელს სებ-ს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით მეოთხე თვეა 2.40-ის მიდამოებში ინარჩუნებს სტაბილურობას. ევროსთან მიმართულებით კი დაახლოებით 2 თვეა გაუფასურების ტრენდი აქვს.

კომენტარები