ჯოან როულინგი

ტრამპისადმი უსაფუძვლო ბრალდების გამო, როულინგმა ბოდიში მოიხადა

პოტერიადას ავტორი ჯოან როულინგი ბოდიშს იხდის, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭის უგულებელყოფაში. 

როულინგმა ჩათვალა, რომ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭი უგულებელყო და მას ხელი არ ჩამოართვა. 

"რა განსაცვიფრებელი და რა საშინელი ამბავია, რომ ტრამპს არ შეუძლია თავი ხელში აიყვანოს და ხელი ჩამოართვას პატარა ბიჭს, რომელსაც უბრალოდ, პრეზიდენტთან შეხება სურდა,"- დაწერა როულინგმა Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე.

თუმცა, პატარა მონტის დედამ, მარჯორი ქელი უირმა თქვა, რომ როულინგის მიერ კლიპის ასე ინტერპრეტირება არასწორი იყო. 

"თუკი ვინმეს შეგიძლიათ, რომ ჯ.კ. როულინგს ხმა მიაწვდინოთ: ტრამპს არ აუბზეკია ცხვირი ჩემს ბიჭზე და მონტის არც კი სურდა მისთვის ხელის ჩამორთმევა,"- დაწერა უირმა Facebook-ზე.

მას შემდეგ, რაც უირს არაერთი ადამიანი დაეთანხმა, როულინგმა ძველი პოსტები წაშალა და ახალი Tweet-ი დაწერა. 

"მე, უბრალოდ, გამოვხატე ჩემი სენსიტიური დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უგულებელყოფილები არიან ხოლმე საზოგადოებაში და თუ ამით რაიმე ზიანი მივაყენე პატარა ბიჭუნას ან მის ოჯახს, გულწრფელად ვიხდი ბოდიშს,"- დაწერა როულინგმა. 

თვითონ ტრამპისთვის კი, ჯოან როულინგს ბოდიში არ მოუხდია.

კომენტარები