სამხედრო სწავლება

პრეზიდენტი სამხედრო სწავლებაზე: ჩვენ გვიჭირავს გლობალური სტაბილურობის დროშა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადუხადა.

„ჩვენ გვიჭირავს გლობალური სტაბილურობის დროშა. გულითადად მივესალმები სამხედრო მოსამსახურეებს. მივესალმები ამერიკელ ჯარისკაცებს. ჩვენი თანამებრძოლები ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - მიაღწიონ, რომ საზღვრები იყოს შეულახავი. მადლობა თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში ბევრ რამეს შეიძენთ და აქედან წახვალთ მეგობრებად.“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო. წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები