კობახიძისა და დოლიძის დაპირისპირება

კობახიძე პრეზიდენტზე: საქართველო მეტს იმსახურებს, უარესი პრეზიდენტებიც გვახსოვს

ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება გრძელდება. ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეფასებების შემდეგ, პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს. პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება, ბოლო დროს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირედნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილის შესახებ ტელეკომპანია იმედის ერთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტს "სახის შენარჩუნების შანსი მისცა", თუმცა პრეზიდენტმა უმრავლესობის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მეტს  იმსახურებს, თუმცა ისტორიას მარგველაშვილზე უარესი პრეზიდენტებიც ახსოვს. 

.”ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შემდეგ, ჩვენ მივეცით საქართველოს პრეზიდენტს სახის შენარჩუნების შანსი. ჩვენ მივეცით რეაგირების შანსი და შესაბამისად, მივმართეთ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მას. მას ჰქონდა შანსი, რომ შესაბამისი რეაგირება მიეცა ამ ძალიან მძიმე, უმძიმესი შეურაცხყოფისთვის. თქვენ გახსოვთ რა სიტყვები გამოიყენა ქალბატონმა ანა დოლიძემ და ამაზე პასუხი იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი - ამ უმძიმეს შეურაცხყოფას მან დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა და გამოიყენა ისეთი სიტყვები, პირადად პრეზიდენტმა უკვე როგორიც არის: კომკავშირელები, მედროვეები და ა.შ. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, ესენი არიან: თავხედები, უზრდელები, შარიკოვები, მედროვეები და კომკავშირელები. ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველო ნამდვილად მეტს იმსახურებს, ეს შემიძლიათ გითხრათ. თუმცა, საქართველოს ისტორიას ახსოვს ამაზე უარესი პრეზიდენტიც, ამასაც გავუძლებთ რამენაირად და ჩვენ აუცილებლად გვეყოლება საბოლოო ჯამში ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იმოქმედებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და რომელიც იმოქმედებს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად.” - ამბობს ირაკლი კობახიძე.

26 ივლისს გამართულ სესიაზე ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივიერებულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე". ირაკლი კობახიძემ კი მას მოუწოდა რომ პოლიტიკოსებზე არ ისაუბროს, რადგან ის საჯარო მოხელეა. კობახიძემ სესიის განმავლობაში ანა დოლიძის მიმართ რამდენჯერ გამოიყენა მიმართვის ფორმად "ბატონო გიორგი".

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს "უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი" უწოდა რასაც ქართული ოცნების ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დაარღვია ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. 

ოცნების განცხადებას პრეზიდენტმა უპასუხა და დეპუტატებს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები