აშშ-საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს ღია წერილით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსის, რომელიც 31 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, ღია წერილით მიმართავს. 

წერილში აღნიშნულია ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პრობლემად გამოყოფენ მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირებას.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით და ამით გამოხატოს მზადყოფნა პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებისათვის არსებითი ცვლილების განსახორციელებლად," - წერია განცხადებაში. 

კონსტიტუციის ერთპიროვნულად შეცვლასთან ერთად, არასამთავრობოები სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზეც წერენ. მათი თქმით, მიუხედავად რეფორმების სამი ტალღილსა და მართლმსაჯულების სისტემის ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებებისა, 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ ვერ შეძლო ამ სფეროში სისტემური პრობლემების მოგვარება.

"სასამართლო კვლავაც ექვემდებარება არასათანადო გავლენის როგორც ხელისუფლების, ისე სასამართლოს შიგნითვე არსებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით გამოხატულებას ჰპოვებს პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დავალებით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, სასამართლოსადმი საქართველოს მოსახლეობის ნდობა 2012 წლის შემდეგ შემცირდა ან არ გაუმჯობესებულა,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობა და ანგარიშვალდებულებების არარსებობა. 

"სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური საპარლამენტო და სამოქალაქო, ან სასამართლო კონტროლი. ადამიანის უფლებათა დარღვევის (ძალაუფლების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის, ნარკოტიკების ჩადებისა და ა. შ. ბრალდებები) შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოყვება შედეგიანი და ობიექტური გამოძიება. ამ პრობლემების უახლესი და ყველაზე სერიოზული მაგალითებია აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტის აფგან მუხტარლის გატაცებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტების გამოუძიებლობა".

წერილში ასევე აღნიშნულია მედია გარემოს გაუარესება და პლურალიზმის შემცირების მცდელობები. მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს საქართველოში. 

"სამი სამაუწყებლო კომპანია მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების მფლობელობაშია. "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელსაც  მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ჰყავს ახალი მენეჯმენტი, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან". ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელი, რომლიდანაც ისმის ალტერნატიული კრიტიკული აზრი, არის ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივი პროცესში".

არასამთავროების განცხადებით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. 

"ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ სისტემური პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკიდან და სახელმწიფო დაწესებულებებზე არაუფლებამოსილი პირების გავლენიდან მოდის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ეფექტური მმართველობისა და მისი ნატოში გაწევრიანების სწრაფვის უწყვეტი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია; ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია და აუცილებელია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობისათვის,"- წერენ მაიკ პენსს ქვემოთ ჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; ლიბერალური აკადემია თბილისი; მედიის განვითარების ფონდი; მწვანე ალტერნატივა; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; საზოგადოება და ბანკები; ხმა საქართველოდან; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; საფარი; საქართველოს გაეროს ასოციაცია; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; სტუდია რე.

კომენტარები