რუსლი კანონი

შსს სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

შსს სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე ისაუბრა.

გომელაურის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება ისჯება 4 წლამდე პატიმრობით, რასაც, მისი მტკიცებით, გასულ წლებში რბილად უდგებოდნენ, ახლა კი "ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე" აამოქმედებენ.

"როგორც პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შესვლა. რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ." - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები