ბლოგი

"დიუნკერკის" მცველებმა იციან, რომ ქალაქი დაეცემა, მაგრამ მაინც იბრძვიან

როგორც ბორხესი წერდა, ისტორია სულ ოთხია და ადამიანები მათ დაუსრულებლად უყვებიან ერთმანეთს სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ნოლანის "დიუნკერკიც" ამ კლასიფიკაციის პირველი კლასიკური "ილიადასეული" ისტორიაა: – ალყაშემორტყმული სიმაგრის დაცვა, რომლის მცველებმაც იციან, რომ ქალაქი გარდაუვალად უნდა დაეცეს, მაგრამ მაინც იბრძვიან.

ამიტომ, ერთი შეხედვით ახალი აქ არაფერია. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მილიონჯერ თუ არა, ათასჯერ მაინც გვაქვს ნანახი ეკრანებზე. უამრავი War Movie გადაღებულა კინემატოგრაფის ისტორიის მანძილზე, ცუდიც, კარგიც და გენიალურიც. უთვალავ რეჟისორს უცდია დაენახვებინა მაყურებლითვის, თუ როგორ თრგუნავს ომის ჯოჯოხეთი ადამიანურ საწყისს და ცდილობს ცოცხალი მოაზროვნე ინდივიდი უაზრო ხორცსაკეპი მანქანის მიერ კუთხეში მომწყვდეულ მხეცად გადააქციოს. კიდევ უფრო მეტ რეჟისორს მოუნდომებია იმის ჩვენება (ცვლადი წარმატებით თავისთავად) თუ როგორ ახერხებენ ცაკლეული პიროვნებები ამ სიკვდილის კალოს ფონზე საღი აზრის შენარჩუნებასა და ხშირად თავგანწირვის ფასად დიდი გმირობის ჩადენას, მაგრამ ჩემი აზრით, ნოლანმა მაინც მოახერხა თავისი ახალი სიტყვის თქმა ამ ჟანრში, რითიც სამუდამოდ შეიყვანა "დიუნკერკი" ომზე გადაღებული Top ფილმების სიაში.

"დიუნკერკის" მთავარი თემა, ჩემი აზრით, არის არა ომი და მისი საშინელებანი, ან გმირობა და თავგანწირვა, არამედ ღირსება... არა ის ყბადაღებული "ღირსება" ქართველი ერი რომ იბრუნებს ჩოხა–ახალუხის ფრიალით და გეების ტაბურეტკით დევნით, არამედ რეალური, ნამდვილი, ის, რაც დიდ ადამიანებს და დიდ ერებს აქვთ. ღირსება, რომელიც შეგიძლია შეინარჩუნო ყველგან, შენი ცხოვრების ყველაზე დაბალ წერტილშიც კი, იმისგან დამოუკიდებლად, სამხედრო მფრინავი ხარ, რომელიც თვითმფრინავში დარჩენილ ბოლო საწვავს ხარჯავ სხვების გადასარჩენად; შვილმკვდარი მამა ხარ, რომელიც შენი სასეირნო კატერით მიდიხარ ლამანშის იქეთა მხარეს მდებარე ჯოჯოხეთში შენი შვილის თანატოლების გადასარჩენად თუ, უბრალოდ, ერთი დაშინებული ბიჭი ხარ, რომელიც ცხოვრების ყველაზე საშინელ წუთშიც კი უარს ამბობ ორიოდე საათის წინ გაცნობილი ფრანგი თანატოლის გაწირვაზე იმიტომ, რომ ამ სირცხვილით მერე მთელი ცხოვრება უნდა იარო.

ეს ის ღირსებაა, რომელიც მხოლოდ ნამდვილ ადამიანებს გააჩნიათ, ისინი დგანან იქ, სადაც დგანან და ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს არა იმიტომ, რომ მერე ცხვირში მოგვაჩეჩონ თავისი ნამოქმედარი და ჩვენი სილაჩრე გვახსენონ მთელი ცხოვრება; არა იმიტომ, რომ მერე ამაზე დივიდენდები მოხსნან და პოლიტიკაში წავიდნენ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მათ სხვაგვარად არ ძალუძთ, ისინი ნამდვილი გმირები არიან და მათი გმირობა, პირველ ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი სისუსტის გაგება შეუძლიათ და ამ სისუსტეში თანაგრძნობა და თანადგომა. სწორედ ამიტომ ხვდებიან დიდი ერის შვილები – ბრიტანელები - დიუნკერკიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს (რომლებმაც ისინი შემდგომ ბრძოლებში უნდა დაიცვან) როგორც გმირებს და არ ეძახიან მათ ქირქილით მხდალებსა და მშიშრებს, როგორც ეს ჩვენთან მოხდა 1993-ში და 2008-ში. სწორედ ამიტომ ეუბნება ღამე ჯარისკაცების დასახმარებლად გამოსული უსინათლო მოხუცი გაკვირვებულ ჯარისკაცს, რომელიც ეკითხება "რას გვილოცავთ, ჩვენ ხომ მხოლოდ თავი გადავირჩინეთო?", ეგეც გმირობააო. სწორედ ამიტომ...

კომენტარები