აშშ

მაკკეინი მძიმე ოპერაციის შემდეგ ჯანდაცვის კანონპროექტის კენჭისყრაზე მივიდა

ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, რომელსაც ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ვაშინგტონში, სენატში ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელმა სენატორმა ჯანდაცვის პროგრამის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას მოიცავს.

ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან უკვე ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

სულ რაღაც ორი კვირის წინ მაკკეინი პირად ექიმთან შემოწმებაზე მივიდა ისე, რომ არც კი ვარაუდობდა სიმსივნის არსებობას. ამერიკული მედიის ცნობით, ის შეუძლოდ ყოფნას გადაღლილობასა და ბოლო პერიოდში მოგზაურობას აბრალებდა.

ჯონ მაკკეინს ჯერ კიდევ 2000 წელს დაუდგინეს კანის კიბო, რისგანაც სენატორმა განკურნება შეძლო, თუმცა ტვინის სიმსივნის კერა სწორედ იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მას კანის კიბო ჰქონდა.

ჯონ მაკკეინი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინს სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დიდ მეგობრად, რადგან ის რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა და ამასთან საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად ლობირებს საქართველოს. სენატორი თბილისში არაერთხელ ყოფილა სტუმრად. ბოლო ვიზიტი 2017 წლის იანვარში შედგა.

კომენტარები