სეკულარიზმი

NGO-ები სეკულარიზმზე: პრემიერმა თავი უნდა შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან

პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი კვირიკაშვილი

საქართველოში არსებული 8 არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თქმითაც, საქართველოში სეკულარიზმის თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციურ სეკულარიზმს მხოლოდ ერთი გაგება და შინაარსი აქვს, რაც მათივე განმარტებით, გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას. 

"ამასთან, სეკულარობის პრინციპი აუცილებელი პირობაა თანამედროვე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და სამართლებრივი წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს,"- წერია განცხადებაში. 

არასამთავროების თქმით, პრემიერმინისტრმა თავისი განცხადებით ეჭვქვეშ დააყენა როგორც საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ასევე უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სამართლებრივი ღირებულებები. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს, თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის ძირეული პრინციპები და რელიგიური ნეიტრალიტეტი,"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
იდენტობა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
42-ე მუხლი


23 ივლისს სოფელ სნოში ახალი სასტუმროს გახსნას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, სადაც მან თქვა, რომ საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.

"საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რაც დღეს გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა და, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მთელ მსოფლიოში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები