სოფლის მეურნეობა

ქართული ატმის 76% ექსპორტზე რუსეთში გადის

flickr.com

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ატმის ექსპორტის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ატმის 2/3-ზე მეტი რუსულ ბაზარზე გადის ექსპორტზე.

24 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, $2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,603 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.

ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს საჭირო ფიტოსანიტარიული და საბაჟო დოკუმენტაციის მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით, ქალაქ გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისშია შესაძლებელი.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანში (14%), ყაზახეთში (4%) სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

საექსპორტო ატმის საბითუმო ფასი 30 თეთრიდან იწყება.

კომენტარები