ე.წ ქართველთა მარში

თათია დოლიძის ქმარი: ისწავლეთ კრიტიკის მიღება

fb.com/tatiadolidze

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი ელჩის თათია დოლიძის ქმარი ვაკო თურნავა მიიჩნევს, რომ "საქართველოში პოლიტიკური კულტურა ან არ გვაქვს, ან ძალიან დასახვეწია". თურნავა Facebook-ში წერს, რომ მისმა ცოლმა თავისი სტატუსით "ლუსტრაციის" პროცესი წამოიწყო, ხოლო თავად - "ლუსტრაციის" პროცესი გააგრძელა.

"კიდევ ბევრი გამოაშკარავებს თავს ამ პროცესში, ასე ჩანს. ყველასთვის გასაგები იყო, რომ მე პოლიტიკურ პარტიას მივმართე და არავითარ შემთხვევაში არასამთავრობოებს ან ქალებს, ან სხვა საღად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებმაც ჩემს მეუღლეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ლიბერალიზმის მამებიც ბრჭყალებში დავწერე სწორედ იმიტომ, რომ ლიბერალურ ღირებულებებს ვერ ვხედავ მოძალადე ადამიანებში, როგორებადაც მე მიმაჩნია კონკრეტული პარტია, თორემ ადამიანის პირადი თავისუფლების პირველი ქომაგი თავად ვარ" - წერს თურნავა.

თათია დოლიძის ქმრის მტკიცებითვე, მისი წინა Fb-სტატუსი ცოლის მიმართ უნდობლობა არ ყოფილა.

"ვინც ჩემი განცხადება ჩემი მეუღლის მიმართ უნდობლობად შერაცხეთ, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. სტატუსის მეორე ნაწილმა შეგაწუხათ და პირველს მოსდექით სექსიზმის და ღრუზინობის ძახილით. სატელევიზიო აღიარებებამდე, ეს ადამიანები უარყოფდნენ ამ მინაწერების ავტორობას და მე აღვნიშნე, რომ სიმართლე გაირკვევა და სამართალიც მოჰყვება სიმართლეს. ჩემი ოჯახის ასეთი შეურაცხყოფა და მუქარა არცერთ გარეწარს არ შერჩება. მე პატივს ვცემ თათიას გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი ისე მოაგვაროს, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ და მის გვერდში ვარ.

საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ადამიანი საქართველოში, (თუნდაც ის ახალგაზრდები, ვის გვერდითაც იდგა თათია ოკუპაციის ხაზთან), რომ ჩემს სტატუსს თავის თავზე არ მიიღებდა და სწორედ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი და არა თქვენ - "ქართველთა მარშის" ის ორგანიზატორები, ვინც ჩემს ცოლს შეურაცხყოფებს აყენებთ, ან ფსევდო-ლიბერალები, რომლებიც მხოლოდ იმ ძალადობას გმობთ, რომელიც თქვენს პარტიულ ინტერესებს ეხმიანება და სხვას დღემდე აპრავებთ ან როგორც მინიმუმ - არ გმობთ" - წერს თურნავა და აღნიშნავს, რომ "ჩემი მეუღლისგან შორს ვიმყოფები და აქედან რთულია, ყველაფრისთვის თვალის დევნება". მისი თქმით, არც გუშინდელ ქალთა მარშზე ჰქონდა ინფორმაცია.

"თორემ გაგამხნევებდით, ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან რომ გეწყინათ ჩემი უყურადღებობა. ბევრი ქალი ვიცი ჩემი მეუღლის თამადობით, რომელიც ბევრ კაცზე უფრო ვაჟკაცია. ის, რომ ორივე მხარე დამიპირისპირდა, იმის კარგი მაჩვენებელია, რომ სწორ პოზიციაზე ვდგავარ.

P.S. ისწავლეთ კრიტიკის მიღება. კლავიატურშიკობა კი ჩემი საქმე არ არის. ეს თქვენი თვითდამკვიდრების პრაქტიკა ყოფილა" - წერს თათია დოლიძის ქმარი.

ცნობისთვის, Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ. შს სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა თათია დოლიძე და მუქარის რამდენიმე ავტორი. 

კომენტარები