ე.წ ქართული მარში

კორკოტაშვილი: ქალებმა - გაუპატიურებას გვიპირებენო, ნეტა ვინმემ რამე დაგიპიროთ

geonews.ge

ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. კორკოტაშვილის მტკიცებით, Facebook-ის პოსტი და კომენტარები "ორი ადამიანის პრივატული ლაპარაკი" იყო და არა ჯგუფური გაუპატიურების მუქარა.

"რა მუქარის შემცველი იყო იქ? ორი ადამიანი პრივატულად ლაპარაკობს, რომ ამან ეს და... ეს არის ორი ადამიანის პრივატული ლაპარაკი. ახლა ვის როგორ უნდა ეს და აუჰ, ქალებმა ააგორეს [თემა] არიქა, თურმე მათი სხეულები დაუცველია და უპირებენ ჯგუფურ გაუპატიურებას. ვინ რას გიპირებთ, ნეტა ვინმემ რამე დაგიპიროთ, ვინც დასაპირებელია იმან თორემ, ჩვენ არავის არაფერს არ ვუპირებთ. მე კანონმორჩილი ვარ, მაგრამ უკვე მართლა უკვე არ ვიკარებ მაგ ბინძურ რაღაცეებს... მე ნაცხოვრები მაქვს ჩემი ცხოვრება და ვინც ჩემი ახლობელი და დიდი სამეგობროა, ყველამ იცის, ვისი გამაუპატიურებელი ვარ მე და ვისი არ ვარ”, – თქვა კორკოტაშვილმა "პრიორიტეტის” პირდაპირ ეთერში.

პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ მუქარის შემცველი დიალოგის კიდევ ორი მონაწილე - რამაზ გაგნიძე და ბექა ვარდოსანიძე. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გაგნიძე თვლის, რომ მის მოსაზრებაში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ. შს სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

ნეოფაშისტური ჯგუფის წევრები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ კომენტარები ფოტოშოპით იყო გაკეთებული და სინამდვილეში მათ ეს არ დაუწერიათ. ამასთან, გია კორკოტაშვილის შვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მამამისს სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და კომენტარები, შესაბამისად, სხვამ დაწერა. გუშინ, კორკოტაშვილმა აღიარა, რომ კომენტარები მას ეკუთვნის, თუმცა, მისი მტკიცებით, ეს მუქარა არ ყოფილა.

კომენტარები